Страницы

понедельник, 15 октября 2012 г.

ტური წვიმიან მარტვილში


ტური წვიმიან მარტვილში

ინტერესი მარტვილის მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. რეპორტაჟები მატვილის მონასტრის, კანიონის, აქ არსებული ჩანჩქერების შესახებ, მთელი წლის განმავლობაში მზადდებოდა არა მარტო ქართული ტელე – არხების მიერ, არამედ საერთაშორისო არხებზეც.

რა გასაკვირია, რომ რეპორტაჟების მერე ამ პატარა რაიონით დაინტერესდნენ როგორც უცხოელი ტურისტები, ასევე ქართველი დამსვენებლებიც. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ერთი წლის წინ საქართველოს მოსახლეობის 80% – მა არაფერი იცოდა ამ რაიონის შესახებ, იცოდნენ მხოლოდ, რომ გიორგი ჭყონდიდელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სადღაც მარტვილის ტერიტორიაზე (რა თქმა უნდა ზოგიერთმა ესეც არ იცოდა), რომ სალხინოში იდგა დადიანების სასახლე (ბევრს სალხინო ცალკე რაიონად წარმოედგინა) და ა.შ. დინოზავრის ნაკვალევზე გავლის და კანიონში ნავით შეცურვის მსურველი კი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა, და აი, დადგა “სცენაზე” მარტვილის გამოსვლის დროც…
მიუხედავათ ამინდის პროგნოზისა, რომელიც ორ დღიან კოკისპირულ წვიმას გვპირდებოდა, ტური იმერეთსა და სამეგრელოში შედგა. ტურისტთა რაოდენობა იყო ცხრა და ცხრავე კანიონების ნახვის სურვილით იწვოდა. პირველი დღე ქუთაისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით დაიწყო. მოვინახულეთ: გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიის მღვიმე და  საღამოჟამს ჩავედით მარტვილში. პატარა ქალაქმა შესვლისთანავე მოახდინა შთაბეჭდილება. ვერ ვპოულობ სიტყვას, რომ გადმოვცე ის ემოცია რაც მარტვილის მონასტრის ნახვის შემდეგ დარჩათ ჩვენს სტუმრებს. ღამის მონასტერი, მრევლი, ლოცვა, ირგვლივ გამეფებული სისუფთავე და სიწყნარე. ეს იყო ამაღელვებელი და საოცრად ლამაზი განცდა სისპეტაკის. რამდენიმემ ბოდიშიც კი მომიხადა: – “მართალი გითხრათ და… არ მეგონა ასეთი ლამაზი, ლამაზი კი არა თვალწარმტაცი თუ იყო ეს ადგილი და მონასტერი. ბოდიშს გიხდით, რომ ეჭვი გვეპარებოდა.“
შემდგომ მოსვენება საოჯახო სასტუმროში, არაჩვეულებრივი მასპინძელი, მეგრული სუფრა, გიტარის ჰანგები…
და აი, გათენდა მეორე დღე, თუმცა გათენდა ერთია და როგორ გათენდა – მეორე. მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა, თითქოს ცას მელოდრამულმა შეტევამ წამოუარაო. წვიმის წვეთები ტყაპა-ტყუპით ეცემოდნენ მიწაზე.
ტურის ჩაგდებას არავინ არ აპირებდა, პირველი გაჩერება სავაჭრო ცენტრი “ბუმი” ტურისტების გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა მარტვლში ევრო სტანტარტის შესაბამისი სავაჭრო ცენტრი იხილეს. აქამდე მარტვილი წარმოედგინათ ერთ პატარა, უღიომღამო ქალაქად. დავიძარით დადიანების სასახლისაკენ, შეიარაღებულები: ბოტებით, ქოლგებით და საწვიმრებით. სისველეს და ცუდ ამინდს არავინ ჩიოდა, მთავარი იყო სილამაზით დატკბობა. წარმოუდგენელია, მაგრამ ესეც მოვახერხეთ. შევიცანით ის გრძნობა, რასაც სასახლეში შეყუჟული დადიანები განიცდიდნენ მსგავს ამინდში (უსმენდნენ წვიმის მელოდიას, ან სუფრას უსხდნენ და მსახურები დატრიალებდნენ თავს..). სიცივითა და სისველით აკანკალებულებმა ამ გრძნობას ეზოში მივაგენით, პირდაღებულები რომ შევყურებდით ნოსტალგიური ელფერით გადაკრულ სასახლეს და სასახლის ირგვლივ გამეფებულ სილამაზეს.
შემდეგი გაჩერება – ინჩხურის კანიონები.
მოდის, მოღელავს, მძვინვარებს მდინარე აბაშა. დიახ, ეს სწორედ იმ ადგილის აღწერაა,  წყნარ ამინდში დამსვენებლებს რომ ხიბლავს თავისი სიმშვიდით და მშვენიერებით. სამწუხაროდ, სამ მეტრზე აზვირთებული წყლის გამო კანიონებში შესვლა ვერ მოვახერხეთ. თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა გაბედვაც კი. გულმა დადიანების აბანოსაკენ გაგვიწია. კიბეებით ჩასვლა, ერთი შეხედვით, საკმაოდ სახიფათო ნაბიჯი იყო ჩვენგან. ნიაღვარად წამოსული წყალი მუხლებამდე გვწვდებოდა, აქამდე არარსებული ჩანჩქერები გვიღობავდა გზას. ხმაური, გრგვინვა – გრიალი აყრუებდა იქაურობას. მდინარის უშველებელი ნაკადი ხეობაში ტრიალ-ტრიალით ვარდებოდა. ბუნება მთელი თავისი ძლიერებით წარსდაგა ჩვენს წინაშე.
მიუხედავათ იმისა რომ დინოზავრს ვერ ჩავუდექით კვალში, ვერ შევცურეთ კანიონში, გავიწუწეთ, და ყველა სიკეთესთან ერთად ზოგიერთს ფოტოაპარატიც გაუფუჭდა, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ტურისტების მხრიდან სურვილი იმისა, რომ მზიან ამინდში კიდევ ერთხელ მოინახულონ ეს ადგილები, უფრო განმტკიცდა.
ასე რომ, უახლოეს მომავალში გაგრძელება იქნება (რა თქმა უნდა თუ ამინდი შეგვიწყობს ხელს )

среда, 15 августа 2012 г.

ჩანაწერები თუშეთიდან


          ...6 საათი, 2012წლის 31ივლისი.
             
  კესელოს ციხეებთან ვზივარ მუხლმოყრილი. გადავყურებ თვალწინ აღმართულ უზარმაზარ მთებს, მწვანეში ჩაბნეულ ყვავილებს და ვგრძნობ, რომ ყველა ფიქრი რაც კი ჩემშია, ერთნაირი სიმძაფრით იწყებს ბორგვას...
             ამ წუთას, მეც  ნაწილი ვარ მთების, ხელს ვადებ მიწას,  ვგრძნობ როგორ ფეთქვას და ვიღიმი ისე გულწრფელად, ისე ალალად, როგორც მხოლოდ ბავშვი  იღიმება პირველად რომ აახელს თვალს...
           ...ეს თავისუფლების შეგრძნებაა და მე დამიმონა ამ გრძნობამ  და ზუსტად ვიცი, სჯობს მონა ვიყო თავისუფლების, ვიდრე მატერიალური ყოფიერების...
...
            მიყვარს, კი, მიყვარს მზის შუქზე აელვარებული ჰორიზონტი, შორს ნისლებში ჩაძირული მთის წვერები,  ფიჭვით დაფარული ტყეები, მოშრიალე ბალახები, ქვებში შემალული ხვლიკები, ცაზე დაშლილი ღრუბლები!
           მიყვარს კესელოებიდან დანახული სოფელი, ხელის გულზე მოთამაშე ბავშვები, მთის კუნჭულებში გაბნეული ცხვარი, ამაყად მოსეირნე ცხენები, ზურგჩანთა მოკიდებული ტურისტები, სოკოებივით გაშლილი კარვები, მოფუსფუსე თუში დიასახლისები, სიპი ქვით ნაშენი სახლები, მწვანე ბალახში  გაკვალული გზები, ნაიარებივით რომ ატყვია მთებს. მიყვარს ეს ქვა აქ  ჩემს გვერდით რომ გდია  და ვინ იცის  რამდენ საუკუნეს ითვლის მისი დახავსებული გვერდები. მიყვარს თითოეული ნაბიჯი აქ გადადგმული, მიყვარს აქედან აღქმული სამყარო, სამყარო რომელიც მხოლოდ ჩვენია...  მიყვარს  შეგრძნება, რომელიც მხოლოდ ჩვენია...

                        1 აგვისტო 2012წლის
            ზემო ომალოს გვერდით ერთი ფიჭვის ტყეა, იქ ვზივარ გორაზე, ჩემს თვალწინ ქვემო ომალოს ხედია გადაშლილი და კიდევ მთები, მთები და მთები, ფიჭვით დაფარული, რკალად შემოჯარული უზარმაზარი მთები.  სიმშვიდე გამეფებულა ირგვლივ, მდუმარებას მხოლოს სიოს მიერ მოტანილი ბუნების ხმები თუ არღვევს.
           ჩემს უკან ძველისძველი სასაფლაოა,  დროისა და წარმავლობის სიმბოლო...  „მტრის ხელით დაიღუპა ინაური სტეფანე სოლომონის ძე 1883–1908წწ „– ვკითხულობ  და ვათვალიერებ მიწაში ღრმად ჩამჯდარ ქვებს, რომელზეც წარწერების ნაცვლად თუშებს უცნაური სიმბოლოები გამოუსახავთ...  ვფიქრობ წარსულზე,  იმ დროზე როცა ჯერ კიდევ მხოლოდ საფეხმავლო ბილიკებით იყო მოსილი ამწვანებული ტყეები, როცა მტრისგან თავდასაცავად  სიპი ქვისგან აგებდნენ სახლებს  პატარა სარკმლებით და დაბალი შესასვლელით...
        ...როცა მეცხვარეები ღამის სუსხისგან თავდასაცავად ნაბადში ეხვეოდნენ...
      ...როცა თუში ქალი გარმონს ააჟღერებდა და მთელი სოფელი ცეცხლის წინ დაამღერებდა ბრძოლებში სახელგანთქმული გმირის სახელს...
     ...როცა სალოცავში წასასვლელად გამზადებულ მამაკაცებს, ქალები აცილებდნენ...
     ...როცა საბრძოლველად შემართულ ქმრებს, ცოლები სიამაყით შესცქეროდნენ...
        მივდივარ უფრო შორს  და ვხედავ თუშ ვაჟკაცებს, თავიანთი მიწა–წყლის გამო უშიშრად რომ ებრძოდნენ მტრებს, ან ლაღად დასეირნობდნენ  ფაფარ აშლილი ცხენებით.  ვუცქერ ახალგაზრდა, გასათხოვარ თუშ ქალებს, მუშაობით დაკოჟრილი თითებით რომ გამოჰყავდათ ლამაზი ფიგურები თექაზე   და თავჩაღუნულებს ღაწვები  ეწვებოდათ გვერდით თუ   ბრძოლებში გამოწრთობილი ვაჟკაცი ჩაუვლიდათ...
        აქ რომ ხარ ძნელია არ იფიქრო წარსულზე,  იმ დროზე როცა  თუშებისთვის ბარი  მხოლოდ შორეული ეფემერა იყო, ბარის მცხოვრებთათვის  კი მიუვალი ნაწილი საქართველოსი...

       ზოგჯერ ვფიქრობ, რომ თუშეთი განტვირთვის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა, ხმაურიანი ქალაქიდან სადღაც შორს მთებში იკარგები, მერე უკან ბრუნდები და მთელი წელი აქ განცდილი ლამაზი შეგრძნებებით იკვებები...
       რამდენიმე რჩევა აქ ამომსვლელთათვის:
        – გათიშეთ მობილურები.
        – დაუგდეთ ბუნებას ყური, ის ხომ გამუდმებით გეჩურჩულებათ რაღაცას.
        – მოიხსენით დაძაბულობა და მიაგდეთ სადმე კუთხეში. მოეშვით და უბრალოდ დატკბით.
        – გიყვარდეთ ის ნაბიჯები, რომელსაც აქ გადადგამთ... შეიყვარეთ საკუთარი თავი და ის ჭიანჭველაც კი ფეხზე რომ შეიძლება ამოგაცოცდეთ.

          
  2 აგვისტო 2012წელი

       ჩვენი სახლი, ზემო ომალოში, თითქმის ას წელს ითვლის. აქ ჯერ კიდევ სუნთქავენ წინაპართა აჩრდილები, ნინიკო, ჩემი მეუღლის, რომას დედა  ყვება,  რომ    პაპამისი ისეთი ძლიერი კაცი იყო, მხრით მოიტანა საყრდენი ბოძი... რას გაუგებ გადმოცემებს, იქნებ მართალიც იყოს...
       ვცდილობ რომას დავეხმარო სახლის შეკეთება– შელამაზებაში, ზუსტად არ ვიცი ვეხმარები, თუ ხელს ვუშლი, მაგრამ რომა მამშვიდებს, მეუბნება: „ ძალიან, ძალიან მეხმარები!“ მეც ბავშვივით მიხარია, რომ ჩემი  სულ პატარა წვლილი შემაქვს.
       უზარმაზარი,ძველისძველი ხელით ნაკეთი კიდობანი ავაწყეთ მე და ნინიკომ. ვისაც ჩვენ სახლში მოუწევს ღამის გათევა ტურისტს თუ მეგობარს, შეუძლებელია ის კიდობანი ვერ შენიშნოს. საქმიანობაში გართულებმა ნიკოლოზის დროინდელი ლურსმანი და 1965 წლის ლატარიის ბილეთი აღმოვაჩინეთ. სათუთად შევინახეთ პირველ სართულზე განთავსებულ სასადილო ოთახში, რომელიც მუზეუმის მაგივრობასაც წევს.  ეს ოთახი  ჩემში სხვადასხვაგვარ ასოციაციებს იწვევს. განსაკუთრებული ელფერი შებინდებისას აქვს, სანთლის შუქზე, ბექქონდარას ჩაის სმის დროს მაშინ, როცა  დიასახლისი ტკბილი ხმით იწყებს   სხვადასხვა ისტორიების მოყოლას თუშეთის, მითების, გმირების შესახებ და ამ ისტორიებს ფონად გაჰყვება წარსულიდან შემორჩენილი ნივთები  და წინაპართა უკვდავსაყოფად გამოფენილი სურათები.

              საღამო...  ცეცხლთან ვსხედვართ მე და რომა, ჩეხ მკვლევარებთან ერთად. ისინი უკვე ორი კვირაა აქ არიან, კარვებში ცხოვრობენ. დაახლოებით თხუთმეტნი იქნებიან. ჩამოტარებით სვამენ სასმელს და რიგრიგობით ამბობენ სადღეგრძელოებს, ბოლოს კი ხმამაღლა ამატებენ: „გაუმარჯოს!“ ძირითადად თუშეთი, თუშეთის ბუნება და ტრადიციებია სასაუბრო თემა. მათმა წინამძღოლმა ერთი უცნაური და საინტერესო რამ   თქვა: „სადღეგრძელო სადღეგრძელოსთვის!“ მან   აგვიხსნა,  რომ სადღეგრძელოს კულტურა პირველად აქ შეიგრძნო, მერე აღფრთოვანებით გვიყვებოდა, თუ რა ლამაზია კესელოები გამთენიისას მზის პირველი სხივი რომ მოხვდება და შემდეგ უკვე გვირგვინივით რომ ადგას  უძველეს ციხე– კოშკს. 
    ...სასიამოვნოა უთუოდ  უცხოელის მიერ შენი სამშობლოს ქების მოსმენა... მეც გატრუნული ვუსმენ და შევყურებ სიბნელეში კონტურებად მოხაზულ კესელოებს!



  3 აგვისტო 2012წელი

   გომეწრის ხეობა
   
 მანქანით მივუყვებით გზას და თვალებგაფართოებული შევცქერი იმ საოცრებას, რომელიც ჩემს თვალწინ იშლება!
    მთის წვერებზე შეფენილი სოფლები, მუდამ მშფოთვარე, მოუსვენარი ალაზანი უდარდელად  მიაპობს ხეობას...
   ხასხასა ფერებით აბურძგნული მთის კალთები...
   გულში მიხარია  ადამიანის ხელი რომ  ვერ ეხება თუშეთს, რომ აქ ბუნება ველურობს და შენ სულ პატარა მარცვალი ხარ მიწის, რომელსაც არ შეუძლია მოსპოს და გაანადგუროს ეს კუთხე „აღმშენებლობის“ მიზნით. კომუნიზმმაც კი ვერ მოიკიდა ფეხი ამ მიწაზე, ვერ დაანაკუწა თუშეთი კომლებად და ვერ მოსპო აქ გამეფებული თავისუფლება ვერც ხალხში, ვერც ბუნებაში, თუმცა რაც მართალია, მართალია გულით  ეცადნენ, გზაც მაშინ დაიგო 70–იანებში.
თქვენ წარმოიდგინეთ და  გზა რომელიც დააგეს, ისიც  კი ებრძვის ცივილიზაციას და თანამედროვეობის ქარიშხალს...
   აქ დრო სვენებ– სვენებით მინავარდობს, არსად ეჩქარება, ბარისგან განსხვავებით.  სწორედ ამიტომ მიყვარს თუშეთი ყველაზე მეტად, ველური, თავისუფალი და ამაყი, დროსაც რომ ამონებს და თავის კალთებზე აძინებს მშვიდად...  
   შარშან ერთმა ჩვენმა ტურისტმა, რომელიც საფრანგეთიდან იმხანად დაბრუნდა, აღფრთოვანებით შესძახა: „ რა საწყენია იმპრესიონისტები რომ ვერ მოხვდნენ ამ კუთხეში, ალბათ აქაურობა რომ ენახათ რამდენად  მეტ ფასდაუდებელ შედევრს შექმნიდნენ!“  ხშირად მიფიქრია მის  ნათქვამზე   და წარმოვიდგენ ხოლმე აი, აქ რომ ყოფილიყვნენ ახლა სადაც ვდგავარ, როგორ გადმოსცემდნენ ფუნჯით იმას, რისი გადმოცემაც მე სიტყვებითაც კი მიჭირს...


                 4 აგვისტო 2012 წელი
            დღეს თბილისში უნდა დავბრუნდეთ.
  მიჭირს გამომშვიდობება, კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი კესელოებიდან გადაშლილ ხედებს, კიდევ ერთხელ გავიგე მიწის და ბუნების გუგუნი და რაც გულში ვერ დავიტიე, გონებაში წარმოსახვად ვაქციე...
    დროებით!    ვამბობ ჩურჩულით, ვეშვები ქვემოთ და მივდივარ...   
                              
                                                                                                                               
                                                                                                                 




                                                                                                            

воскресенье, 24 июня 2012 г.

ევსო იჭირაული


გაზეთი: „განახლებული თუშეთი“ – ახმეტის რაიონის ალვანის მეცხვარეობის საბჭოთა მეურნეობის დირექციის, პარტიული კომიტეტისა და მუშათა პროფკავშირული კომიტეტის ყოველკვირეული ორგანო.  1970წელი, პარასკევი, 31 ივლისი.

„შინმოუსვლელთა უკვდავსაყოფად“
                                    სამშობლოს 
                                             ევსო იჭირაული
                                            13–X –1939
მახსოვს სამშობლო, გარიჟრაჟი ჩემი ცხოვრების,
როცა თვალზე ძილს არ მიფრთხობდა მომავლის ფიქრი,
მესმის, ჰო, მესმის გულისცემა ზვიადი მთების
და გახვეული ქარიშხალში იმათკენ მივქრი.
აი ქვეყანა, სად პირველად ვსცან სხივი მზისა, –
მე საიდანაც გავუდექი ცხოვრების შარას,
რა ტკბილი იყო ალერსი და კალთა დედისა,–
როცა ვისმენდი გიშრისთმიან ქალწულის არაკს.
როცა ყმაწვილი ცას ვუმზერდი, ცას ლაჟვარდიანს,
შორს მიბნედილი ვარსკვლავების სხივით დაისრულს,
მეხი რომ სცემდა ჩაბნელებულს საირმეს კლდოვანს
და უფსკრულებში მიამტვრევდა ალპურ ფაიფურს.
მთავ, ბუმბერაზო! შენგან მომდევს ამ გულის ღელვა,
შენ ჩამინერგე თავგანწირულს მკერდში საკირე,
ზედ შემოანთე შენებური მეხი და ელვა
და გრიგალებთან საბრძოლველად თავი გავწირე.
როგორც კიდობანს ნოეს მიერ წარღვნას მინდობილს,
შორს, ყინულოვან უცხოეთში შემომათენდა
და კვლავ გეძახის ჩემი გული დამხვდი მშვიდობით,
ოდესმე ჩვენი შეხვედრის დღე თუ კვლავ გათენდა.
ოჰ, როგორ მინდა ამ წუთებში არწივად ვიქცე,
გადმოვიარო ხევ–ხუვები მთანი და ქვა–კლდე,
და თუნდ ქვეყანა აყვავებულ სამოთხედ იქცეს,
მე მაინც თერგით აძგერებულ მკერდზე დაგაკვდე.
დაგაკვდე მკერდზე...არ ვინატრი სიცოცხლის წუთებს,
ოღონდ ნიავმა მოთარეშემ მიმღეროს ნანა,
ფიქრებით მოღლილ შუბლს ნისლები დაისაკუთრებს
და მზესაც მაშინ მოუნდება პირის დაბანა.
ჭიუხებიდან გადმომხედავს ვაჟას აჩრდილი,
ნისლს ჩამოყვება ბნელი ღამის იდუმალება,
და როგორც ქალი ნიავისგან თავშალახდილი,–
მთვარე ლაჟვარდის უდაბნოში მიიმალება.

ამონარიდი სტატიიდან „რა ლამაზია თუშეთი“ (17.11.1983) სამწუხაროდ ჟურნალის პირველი ყდა დაკარგულია და ვერ შევძელი ჟურნალის სახელის გაგება.


მარო სისაური

„სადაც არის ასი წელი შეუსრულდება. ამ ასი წლიდან 40–ზე მეტი ლოდინში გალია.
ერთადერთი ვაჟიშვილი სარატოვში სწავლობდა. შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტში გადავიდა. სამამულო ომმაც იქ მოუსწრო. 20წლისა იყო მაშინ ევსო.
ომის პირველ დღეებში წავიდა ფრონტზე, შინ აღარ დაბრუნებულა. დედამ ცნობა მიიღო, – უგზოუკვლოდ დაიკარგაო. მას შემდეგ არ სცილდება თავის კარ–მიდამოს. აქედან წავიდა ჩემი ევსო და ისევ აქ დაბრუნდებაო.
მეუღლე კარგა ხანია გარდაეცვალა. ქალიშვილს თელავში აქვს ოჯახი. დედა ზამთარ–ზაფხულ ომალოშია: ევსო რომ ჩამოვა, ცარიელი ხომ არ უნდა დახვდეს სახლიო.
ეკითხებიან, თუ მოგწონთ დღევანდელი ცხოვრებაო. ეღიმება:
– აბა რა იყო უწინ. ქმართან სხვების დასანახად დალაპარაკებაც კი სირცხვილი იყო. ოჯახის წევრებთანაც ვერ ვბედავდი პურის ჭამას. უბედური ცხოვრება იყო. ახლა განათლებაც არის და კარგი ყოფაც. მომწონს შარვლიანი ქალები. კარგებიც არიან და ლამაზებიც, მხოლოდ ეგ არის, ევსო იგვიანებს, რატომ არ ჩამოდის, ხომ მოიხადა თავისი ვალი. გზაზე რომ შემხვდეს, იქნებ ვერც ვიცნო, უკვე მოხუცდებოდა.
 და არც ერთხელ, არ მოუხსენიებია თავისი ვაჟი, როგორც დაღუპული.
 უსათვალოდ ქსოვს ჩითებს, ირეცხავს, სადილს იმზადებს და ყოველთვის გზისკენ უჭირავს თვალი – მახარობლის მოსვლა არ გამომეპაროსო.“  (მზია ჭიჭიაშვილი)

მარო სისაური გარდაიცვალა 1986წელს... სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც შვილის მოლოდინში და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც კი წამდა რომ ევსო გადარჩა და ცოცხალია სადღაც იქ...

მასალა მომაწოდა მარო სისაურის შვილიშვილმა – ნინომ, რომელიც დღემდე დიდი რუდუნებით უვლის ომალოს სახლს,სადაც ევსო გაიზარდა და დავაჟკაცდა და მასაც სჯერა რომ თუ ევსომ ვერ შეძლო დაბრუნება, ოდესმე მისი შთამომავლობა აუცილებლად დაბრუნდება , სისხლი და სამშობლო ხომ არასოდეს იკარგება.
ნინო  – ევსო 18–19 წლის განათლებული,ერუდირებული, თავისუფალი ბუნების ადამიანი იყო.ხომ წარმოგიდგენიათ მთაში დაბადებლი, ველური ბუნების შვილი. ყმაწვილი,რომელიც არაჩვეულებრივად წერდა, თავისუფლად საუბრობდა გერმანულად და რუსულად. მისი შინაგანი სამყარო ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საბჭოთაკავშირს და იმ რეალობას რომელიც მის სამშობლოში მეფობდა. ყოველთვის სურდა ყოფილიყო თავისუფალი,  მოაზროვნე, შიშის და მონობის გარეშე. შეიძლება სწორედ ამიტომაც აღარ დაბრუნდა,არც მიიღებდნენ , როგორც ყველა  საზღვაგარეთ ნამყოფს ,მითუმეტეს განათლებულს და მოაზროვნეს, განსაკუთრებით დაუწყებდნენ დევნას, ერის მოღალატედ გამოაცხადებდნენ  და შეავიწროებდნენ  არამარტო მას, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც. საბჭოთაკავშირის დაშლის შემდეგ ის უკვე მოხუცებული, ან გარდაცვლილი იქნებოდა, დარწმუნებული ვარ მთელი სიცოცხლის მანძილზე  არც ერთი წამით არ  დავიწყებია სამშობლო და ოჯახი, სწორედ მათი უსაფრთხოების გამო აღარ დაბრუნდა. არის ცნობების იმის შესახებ რომ ის გადარჩა. ომის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 1950 წელს, თუში ქალები მგზავრობდნენ  მატარებლით. ერთერთ ვაგონში ჩოჩქოლი ატყდა, გაირკვა რომ იმ ვაგონით მგზავრობდა გერმანელების ტყვეობაში ნამყოფი, ინვალიდი ომის ვეტერანი, რომელსაც ორივე ფეხი ქონდა ომში დაკარგული ,  თუშებიც მივიდნენ მასთან და კითხეს იყო თუ არა  ვინმე თუში მასთან ერთად ტყვეობაში,  მოხუცმა  უპასუხა, რომ იყო, მაგრამ სახელის გამხელა არ ისურვა, მან დაიბარა დაკარგულის ოჯახის წევრები თავის სოფელში; როგორც ჩანს მოხუცმა მეწისქვილემ ზუსტად იცოდა ვისზე ეკიტხებოდნენ, რადგან დაკარგულის დების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, კერძოდ ის, რომ მას ყავდა ორი და - ივლიტა, რომელიც თელავში იყო გათხოვილი და მეორეს სახელი არ თქმულა, ის ალვანში გათხოვილად მოიხსენია; თუშ ქალებს მთელი  წელი დაჭირდათ რომ მიმხვდარიყვნენ ვისზე იყო საუბარი  (ალბათ ესეც ბედი იყო) ერთი წლის შემდეგ მოვიდნენ ჩვენთან ოჯახში, დედაჩემმა – ივლიტამ მეორე დღესვე გადაწყვიტა იმ კაცის მოძებნა,  ჩავიდა კიდეც მითითებულ სოფელში და მეწისქვილე სამი დღის გარდაცვლილი დახვდა... რა უნდა ეთქვა იმ კაცს, ან სახელი რატომ არ გაამხილა  მასთან ერთად ტყვეობაში ნამყოფი თუშის, დღემდე არ ვიცით. სავარაუდოა, რომ ევსომ სწორედ ტყვეობაში ყოფნის დროს გადაწყვიტა ევროპაში დარჩენა, ეს კი დანაშაული იყო.
„როგორც კიდობანს ნოეს მიერ წარღვნას მინდობილს,
შორს, ყინულოვან უცხოეთში შემომათენდა
და კვლავ გეძახის ჩემი გული დამხვდი მშვიდობით,
ოდესმე ჩვენი შეხვედრის დღე თუ კვლავ გათენდა.“  – სამწუხაროდ, ეს დღე არ გათენებულა.

P.S დღეს, ის სახლი, ზემო ომალოში, სადაც ევსო  გაიზარდა,  ნინოს  კუთვნილებაა- მარო ბებომ დაუბარა ნინოს „მხოლოდ შენ თუ შეძლებ ამ სახლის  მოვლას და პატრონობას, შენი იმედი მაქვს!“  ნინოც  შვილთან ერთად უვლის სახლს- რომელიც უკვე თითქმის 100წლისაა. სახლს, სადაც დღემდე ინახება მოგონებები ევსოს შესახებ.
 ტურისტებსაც იღებს ზაფხულში, საინტერესო ისტორიებსაც ყვება და ასრულებს ბებიის დანაბარებს – კერას არ აციებს...                                                           
                                                                                                                    
                                                               
                                                                                              
                                                                                                        

მარი ლაგვილავა

четверг, 10 мая 2012 г.

თუშები – საქართველოს უბადლო მეომრები

"ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია"

კავკასიონის მთებში მდებარე თუშეთის ისტორია პრეისტორიული ხანიდან იწყება. "ქართლის ცხოვრებისა" და ვახუშტი ბაგრატიონის "საქართველოს ისტორის" მიხედვით თუშეთი ძვ. წელთაღრიცხვის IV-III საუკუნიდან ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შემოდის და მის ჩრდილოეთის საზღვარს წარმოადგენს. აღნიშნული ხანიდან თუშეთშ დაევალა საპასუხისმგებლო მისია – დაეცვა საქართველოს ჩრდილო–აღმოსავლეთი საზღვარი გარეშე მტრისაგან, რასაც ამ კუთხემ საუკუნეების განმავლობაში წარმატებით გაართვა თავი.
გამუდმებულმა ომებმა და საქართველოს ბარისგან საკმაოდ დაშორებულმა ცხოვრებამ განაპირობა თუში ხალხის უბადლო მეომრებად ჩამოყალიბება. დიდი ვახუშტი წერდა, რომ თუშნი "არიან ბრძოლასა შემმართებელნი, მხნენი, ძლიერნი, მხედარნი წარმატებულნი", ხოლო მკვლევარმა ი.ციციშვილმა კი თუშები თავისი საქმიანობით შემდეგნაირად დაახასიათა: "არც ერთი ტომი კავკასიის მთიელებს შორის თავისი მამაცობით იმდენჯერ არ ქებულა, რამდენჯერაც თუშები. კავკასიის რომელ კუთხეში არ მოგიყვებიანთ თუშების ვაჟკაცობის შესახებ." თუშეთის შეუვალობა და მისი ტომის შეუდრეკელობა თუშებმა კარგად გამოხატეს რუსეთის მეფე ალექსი მიხეილის ძისადმი 1657 წელს მიწერილ წერილში: "ჩვენ მაგარს ალაგას ვართ და არას კაცს შევეპოვებით. ამდენი ხანი არის საქართველოს ყაენი ებრძვის და ჩვენ არც შემოგვიშვია ყაენის კაცი და სადაც მოგვიხელებია მოგვიკლავს და მისი სარდარი გაგვიქცევია და ლაშქარი გაგვიწყვეტია...".
იმიერ–კავკასიელი მძარცველი ფეოდალების, ოსმალებისა თუ სპარსელების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძლოაში თუშებმა XIX საუკუნეში განსაკუთრებულად ისახელეს თავი. მათი საქმეებით აღბრთოვანებულმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა თანამედროვე თუშ გმირებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
 "ნაუნჯნი ყმანიც მეფისა,თუშები მოუღალავნი,
სდევნიან მტერთა მძვინვარედ, ვით მგელნი, ცხვართა მლალავნი!

თქვენი ჭირიმე თუშებო, ბიჭობა თქვენი ქებულა,

მახვილი თქვენი მარადის დაღესტნელთ ქედზე ლესულა!"
რადგან თუშებს დღედაღამ იარაღის ტარება უხდებოდათ იმიერ კავკასიელი მძარცველების თავდასხმების მოსაგერიებლად და მეფეთა ყოველი დაძახებისთანავე ყველა ბრძოლაშიც აქტიურ  მონაწილეობას ღებულობდნენ, გამოუმუშავდათ ამ მიმართულებით მკაცრი ადათ წესები, რომლის დამრღვევასც თემი, თემის თავკაცები, სატომო საბჭო არავის აპატიებდა და სამაგალითოდ დასჯიდა. "ხოლო უკეთუ ვინ მდედრი იყოს გულითა კაცთაგანი და ილტვოდეს ბრძოლასა შინა, – შენიშნავს ვახუშტი, – ამას აჭმევენ ძაღლთა თანა გობასა შინა ძაღლთასა და არღარა კაცთა თანა".
თუშეთში ბავშვებს პატარაობიდანვე მამაცობის და მტრისადმი დაუმორჩილებლობის სულისკვეთებით ზრდიდნენ. 7–8 წლიდან ყველა მათგანი შვილდისრით იყო შეიარაღებული. 10–12 წლიდან კი იარაღის ტარებასაც სწავლობდნენ და  დანისა და ხანჯლის ტარების უფლებაც ჰქონდათ. 15–16 წლიდან კი უფროები სავალდებულოდ მიიჩნევდნენ ვაჟების პატარ–პატარა ბრძოლებში ჩაბმას, გარჩევას და გაწვრთნას იმ საბრძლო წეს–ჩვეულებებში, რამაც თუშეთი იხსნა კარზე მომდგარი არაერთი საფრთხისგან.
საბრძოლო–სავაჟკაცო წეს–ჩვეულებებიდან ერთ–ერთ საპატიო მოვალეობას შეადგენდა ის, რომ ვაჟი ვერ დაქორწინდებოდა თუ მტერს არ მოკლავდა და მის ნივთ–მტკიცებას – მოჭრილ მარჯვენას არ მოიტანდა სოფელში. ალექსანდრე დიუმა წერს, რომ – "ერთ თუშს თიანეთელი ახალგაზრდა ქალი შეჰყვარებია და მისთვის ცოლობა უთხოვნია. – რამდენი ლეკის ხელს მომიტან მზითვში? – ჰკითხა სასძლომ. ყმაწვილი ჯერ ბრძოლაში არ იყო ნამყოფი და ნირწამხდარი უკან დაბრუნდა. ის შეთთან მივიდა და თავისი გაჭირვება უამბო. – გასწი, ჰკითხე, რამდენ ხელსა გთხოვს, – უთხრა შეთმა. – სულ ცოტა სამი უნდა მოიტანო, – შემოთვალა ახალგაზრდა ქალმა. – მომავალ ექსპედიციაში რომ წავალ, წამომყევი, – შესთავაზა ყმაწვილს შეთმა. – დაგვიანდება, – უპასუხა ახალგაზრდა კაცმა. შემდეგ კაცები თორმეტი ხელით დაბრუნდნენ. შეთს შვიდი ხელი მოეჭრა, საქმროს – ხუთი". ამის შესახებ ნ. ვოლკონსკი წერდა: "თუშ ქალს არ ჰქონდა გათხოვების უფლება იმ ვაჟზე, რომელსაც არ ჰყავდა ერთი მტერი ლეკი მაინც მოკლული; ამიტომ ყოველი ახალგაზრდა მეომარი თავს ვალდებულად თვლიდა სრულწლოვანების მიღწევისთანავე ევაჟკაცა, სახელი გაეთქვა და დაქორწინების უფლება მოეპოვებინა."
თუშებს წარმოუდგენლად მიაჩნდათ ტყვედ ჩავარდნა. ეს მათთვის უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა. აკად. ნ. დუბროვანი შენიშნავს, რომ: "თუშს ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე ტყვედ ჩავარდეს". ივ. ბუქურაული წერს, რომ თუშეთში " მეომარი მამაკაცები მტერს ცოცხლად არ უვარდებოდნენ. ისინი უეჭველად მტერს უნდა შეჰკდომოდნენ. ცოცხლად ჩაბარება და ტყვედ წაყვანა დიდი სირცხვილი იყო." იგივე ავტორი წერს, რომ: " ჩვენს წინაპრებს ბრძოლიდან გაქცეული კაცი ეზიზღებოდათ, როგორც გველი. დედაკაცნი პირში აფურთხებდნენ. ბალღები, როგორც ცოფიანს ძაღლს, ქვებს ესროდნენ. მას აღარ შეეძლო ვაჟკაცებში გარევა. ყოველგან, ყოველ სახლში კარებს უკეტავდნენ. მტრისგან გაქცეულ კაცს არც კი ჰმარხავდნენ. იგი საფლავმოკლებული ეგდო უპარონოდ მინდორში და ყოველი გამვლელ–გამომვლელი ზიზღით უყურებდა და სწყევლიდა იმის გაჩენის დღეს".
ალექსანდრე დიუმა თუშთა საბრძოლო ტრადიციის ერთ თავისებურებაზეც აღნიშნავს: "ბრძოლაში თუში თავის დღეში მეგობარს არ მიეშველება. თუ ამ უკანასკნელმა არ დაუძახა, და თვითონაც იშვიათდ თუ ვინმეს მოუხმობს საშველად, მარტოც რომ დარჩეს სამი კაცის წინააღმდეგ".
თუში მეომარი, როდესაც დაატყობდა რომ კარზე მოსული მტერის დამარცხება შეუძლებელი იყო საკუთარ ცოლ–შვილს, დასა და დედას თავებს აჭრიდა, ხოლო თვითონ კი ხმალამოწვდილი გაუვარდებოდა მტერს და ვაჟკაცურად იღუპებოდა. ასეთი შემთხვევების რამდენიმე მაგალითია შემონახული თუშურ ხალხურ ზეპირსიტყვაობაში.
XVII-XVIII საუკუნეებში სოფელ ჰეღოში და მთელს თუშეთში გმირობითა და ვაჟკაცობით დიდად განთქმულნი ყოფილან ზურაბი და მისი ვაჟი მიქელი. ერთ დღესაც სოფელს მოულოდნელად ლეკები დაესხნენ, ხალხი ამოხოცეს და ზოგიც  ცოცხლად შეიპყრეს. შემდეგ კი მთელი შემადგენლობით იერიში ზურაბის განთქმულ ციხესიმაგრეზე მიიტანეს. თავდაპირველად ლეკებს ძალიან უჭირდათ ციხის აღება, რადგან ზურაბი და მიქელი განუწყვეტელი სროლით მტერს ციხის სიახლოვეს არ უშვებდნენ. ამ საქმეში მამა–შვილს ეხმარებოდათ მიქელის ქალიშვილი – 16 წლის მარო და მიქელის მეუღლე – ეთერი.  უთანასწორო ბრძოლაში მოხუცი გმირი ზურაბი მტრის თოფმა განგმირა. ლეკებმა ციხეს ცეცხლი შეუნთეს, რის შემდეგაც მიქელი და მისი ოჯახი დამარცხებითვის განწირული იყო. მიქელმა ხმალი იშიშვლა და მტრის შესახვედრად გარეთ გავარდნა სცადა, მაგრამ იგი მეუღლემ შეაჩერა და უთხრა: "სად მიდიხარ მიქელო, ჩვენ რასღა გვეუბნები, რომ თავს გვანებებ? ... შენი ოჯახი შენივე ხელით გინდა გაამუსურმანო, მიქელო!... რას იტყვიან თუშები, ხომ დაგძრახავენ: ციხე გაუტეხეს, მამა მოუკლეს, ცოლ–შვილს თავი დაანება, მტრის ხელში დაყარა და თვითონაც მოკლესო. ... შენის ხელით სიკვდილი გვინდა, მიქელო! რა ვაჟკაცი ხარ თუ შენის ხელით არ დაგვხოცავ და ისე არ გახვალ... შენის ხელით სიკვდილი გვირჩევნია ურჯულოების ხელით ცოცხლად ყოფნას. ვაჟკაცი არა ხარ? დაგვხოცე აქვე ჩვენს სახლში, შენის მამის გვერდით".
მიქელი თავს იკავებდა, დრო კი არ ითმენდა. შესასვლელი კარები ცეცხლმა დაწვა და ლეკები უკვე პირველ სართულზე იყვნენ და ციხის ზედა სართულებისკენ ადიოდნენ. მიქელის ქალიშვილმა მარომ და მიქელის მეუღლემ ეთერმა შესძახეს: " ვაიმე მოდიან შეჩვენებულები! ნუ ჩასდგები ჩვენს ცოდვაში, მიქელო! ... ამოიღე ხანჯალი და მოგვიღე ჩქარა ბოლო... თუ შენ არ შეგიძლიან, მე მომე ხანჟალი, მე თვითონ მოვიკლავ თავს, შესძახა მარომ და მოჰკიდა ხელი მიქელის ხანჟლის ტარს ამოსაღებად".
დღესაც კი თუშებში გაიგონებთ ფანდურზე გაცოცხლებულ ლეკებისაგან ჰეღოს წახდენის ნაღვლიან სიმღერას:
"მიქელმა ზურაბის ძემა
რა საქმე მოახდინაო,

თვითონ დახოცა ცოლ–შვილი

სულეთი წაიხდინაო"!
ხალხი ამართლებს მიქელს და სწყევლის მას ვინც დასცინებს ამ გმირს:
"დღენიმცა ერგოს ეგეთი,
ვინც მიქელს გაუცინაო".
სოფელ ჰეღოს მსგავსი ტრაგედია განიცადა 1836–1837 წლების მიჯნაზე, დაღესტნის საზღვარზე მდებარე სოფელმა დიკლომაც. ამ სოფელს და მის მახლობლად მდებარე სოფელ შენაქოს ახალწლის ღამეს 10000–იანი დიდო–ლეკთა ჯარი დასცემია მოულოდნელად თავს. ამ დროითვის როგორც წესი საზღვრის გადმოლახვა მთებით შეუძლებელია დიდი თოვლის გამო, მაგრამ ამ ორი სოფლის სავალალოდ იმ წელიწადს სასაზღვრო მდინარე ალაზანი (ანდისყოისუ) გაყინულა და მტერიც გაყინულ მდინარეზე ჩუმ–ჩუმად შემოუყვა ხეობას. ამ დროისთვის სოფელ დიკლოში ყოფილა 16 მამაკცი. უთანასწორო ბრძლოაში, რომელიც რამდენიმე დღეს მიმდინარეობდა, დარჩენილან ძმები: ბერო და ღვთისო ბექურიძეები. ლეკებს მათი ხელში ჩაგდება რომ ვერ მოუხერხებიათ, ციხეს რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ – ცეცხლი შეუნთიათ. ცეცხლით შეწუხებული ბერო ბექურიძე ხმალამოწვდილი გამოვარდნია მტერს და ციხის შესასვლელთან ბევრი ურჯულო დაუხოცავს და თვითონაც დაღუპულა. მარტოდ დარჩენილმა ღვთისომ კი ჯერ ცოლსა და დას მოკვეთა თავები, რომ ისინი ცოცხლად არ ჩავარდნოდნენ მტერს, შემდეგ კი ხმლით გაუვარდა მოსისხლე მტერს და თვითონაც ძმასავით გმირულად დაიღუპა.
თუშეთს ისტორიის მანძილზე არ ჰყოლიათ ბატონი. ისინი თავის ბატონად უფალს და შემდეგ კი მეფეს აღიარებდნენ:
"ჯერ ღმერთი, მერე ბატონი,
სხვა თუშს არა ჰყავს მოცილე".
ქართველ მეფეებს სათანადოდ ჰქონდათ შესწავლილი თუშ–ფშავ–ხევსურების მებრძოლი ბუნება და სწორედ ამიტომ ისტორიის მანძილზე სწორედ ამ ხალხით იყო დაკომპლექტებული მეფის პირადი გვარდია. დავით გიორგის ძე ბატონიშვილი წერს: "ქეშიკად (წარჩინებულ მცველებად) მეფისა, ანუ ღვარდიად, არიან ადრიდგანვე დაწესებულნი თუშნი, ხევსურნი და ფშავნი. ესენი არიან მთის კაცნი და ერთგულნი მეფეთაგანი".
თუშეთში საბრძოლო და სავაჟკაცო ადათ წესებს ხალხი ქმნიდა და ხალხივე იცავდა. თუშეთის ოთხივე თემის უმაღლეს ხელისუფალსა და ბატონ–პატრონს წარმოადგენდა ლაშარის ჟვარი და მისი ხევისბერი. თუშეთის თითოეულ თემს ჰყავდა საკუთარი სალაშქრო ხატიც.ბრძოლის დროს თუშთა საერთო ლაშქარს წინ მიუძღოდა ლაშარის ხატის ხევისბერი ლაშარისავე სალაშქრო დროშით, ხოლო თუშეთის თვითეული თემიდან გამოსულ მეომრებს კი თავისი თემის სალაშქრო დროშით წინამძღოლობდა თავისივე ხევისბერი.
უამრავი მასალა არსებობს თუში ხალხის გმირობის შესახებ XVIII-XIX საუკუნეების ქართულ და რუსულ ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში, მაგრამ სამწუხაროდ ისტორიოგრაფია თითქმის არც ერთი თუში ვაჟკაცის ვინაობას არ ასახელებს. სამაგიეროდ თუშ–ფშავ–ხევსურული პოეზია აღნიშნულ ხარვეზს ავსებს და მრავალი პიროვნების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას:
"ჭონთიოს ციგუს სულთანი
აზნაურია მიანი;

გირევს ხოსიკის ივანე –

დოლბანდი დიჩინისაი,

ფარსმაში აუს ალუდა –

კოშკია სიმაგრისაი;

ჭეშოს აბალოს დავითი –

ხმალია ბასრის ფხისაი;

დანოში თავბერაიძე –

პურ–წყალი თუშეთისაი;

ჩიღოს ქაზნიძე მეშველი –

ხელმწიფის დროშაიანი;

კვავლოში თილისძე გიორგი –

შიშია შორის მტრისაი;

დართლოში დათიაური –

მემეტე თუშეთისაი;

დიკლოში აბულის ქორთოში

ყამირობს ყანასავითა,

კარზე მოსულსა მოძალეს

აბრუნებს ნახირსავითა,

არ დაგაბერა, ქორთოშო,

ფშლას ბაშტის ყურებამაო,

კბილებ არ დაგაყრევინა

დილ–დილ ცივის წყლის სმამაო;

ხმალი არ ჩაგაგებინა

აქვაელთ ზაობამაო".
ხსენებულ ლექსში ჩამოთვლილი სახელოვანი თუში გმირები განეკუთვნებიან XVIII-XIX საუკუნეების თუშეთის ისტორიას. რა თქმა უნდა აღნიშნულ ლექსში სრულად არ არის წარმოდგენილი ყველა გმირი, მაგრამ თუშ–ფშავ–ხევსურული პოეზია თუ ოფიციალური ისტორიოგრაფია გვისახელებს სხვა მრავალ გმირსაც. ესენი არიან: გიორგი თილიძე, ზეზვა გაფრინდაული, შველა შველაიძე, ლუის ლუხუმი, შეთე გულუხაიძე, ივანე ელიზბარიძე, ალექსანდრე ელიზბარიძე (ნათიშვილი), კოხიო ბობღიაშვილი, ნაკუდა ქუიძეშვილი, დილოიძე, დევდრის ანთა, ითაბანული, გიო მოზაიძე, ბერო ბექურიძე, ღანიში ბორძიკიძე, იაკობ ლეკაიძე, ბაკური ჭვრიტიშვილი, დავით კვესიაიძე, დავით ნაკუდაშვილი, ზეზვა ოჩონაიძე, ჯაო ბერიკაიძე, თორღვა ქაზნიაური, ელანი ქაზნიაური, ლევან ეფიშვილი (ქადაგიძე), დავით შანქიშვილი, ბეთურა ტუგუსეშვილი, გეო (გიო) ქავთარაშვილი, გუბერნიის მდივანი ივანე ცისკარიშვილი, ზეზვა უთურგაიძე, დავითი, ხუტა და ქავთარი (შეთე გულუხაიძის ვაჟიშვილები), დანიელ გესლაძე, ღვთისო ოსორაული, ძაგანაშვილი, უჯბახიშვილი, ქურაზიშვილი, ღვთისო ბექურიძე, ღანიში ბორძიკიძე, სოფ. ჰეღოს ლეგენდარული ბრძოლის გმირები: მამა შვილი ზურაბი და მიქელი, გმირი თუშის ქალი – კახოს თინა და სხვა მრავალი.
ამ ხალხის და მათი წინაპრების მაგალითებზე იზრდებოდა თუშთა თაობები. მათი ლეგენდარული ბრძოლებიდან სწავლობდა თუში ვაჟკაცობას, შეუპოვრობას, მუხლმოუდრეკელობას და სამშობლოს დაცვას თუნდაც ოჯახის ფასად. სწორედ ასეთი ხალხის მამაცობა იყო თუში ხალხის მოტივატორი. სწორედ მათ მაგალითზე გაზრდილმა თაობებმა ჩამოაყალიბეს თუში ხალხი, როგორც საქართველოს უბადლო მეომრები.
გამოყენებული მასალა: ვ. ელანიძე "ვინამ თქვა თუშთა დალევა"

четверг, 3 мая 2012 г.

ეს საქართველოა


„ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!“
(ილია ჭავჭავაძე)
- „ქართული სუფრა აკადემიაა“- სად არ გაიგონებთ, სად არ შეხვდებით... სუფრა იცოცხლე, ნამეტნავად კარგი გვაქვს, თამადობაც არაჩვეულებრივი, გულის შემძვრელი, სენტიმენტალობით გამორჩეული... ქართველებს განსაკუთრებით ჩვენი მიწა-წყლის სადღეგრძელო გვიყვარს, სხვადასხვა ინტერპრეტაციით: „კუთხე-კუნჭულები“, „ჩვენი ლამაზი საქართველო“... სასმისი აუცილებლად გასხვავებულია და „გულანთებული“ მამულიშვილი ვალდებულია ბოლომდე გამოცალოს- ეს ჟესტი გამოხატავს დიდ სიყვარულს ქვეყნისადმი... სამშობლოს მალევე მოყვება ერის ანუ ქართველების სადღეგრძელო, „ქართველობით“ ამაყი მეინახენი თავს იწონებენ და ბევრს იქადნიან ჩვენს შეუდარებელ „ღირსებებზე“, „პატრიოტიზმზე“... ...აბა რა, საამაყოა ასეთი ლამაზი ბუნების შვილები ვართ, განსაკუთრებით „ამაყი“ მაშინ ვარ როცა ჩვენს „წალკოტს“ ვეწვევით და იქ დაგვხვდება ნასუფრალი, სადაც „ყველაზე კარგი“,“ყველაზე ლამაზი“, ყველაზე კეთილშობილი“ ერი ჯიხვის ყანწებით სვამდა ერისა და ბერის სადიდებელს... და ასეთი „კურთხეული“ მიწის შვილებს აზრადაც არ მოსდით, რომ სტომაქის ამოვსების შემდეგაც ამ ქვეყნის შვილები არიან, რომ ის ერთჯერადი ჭურჭელი საიდანაც სვამდნენ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის სადღეგრძელოს, ჩვენივე მიწაწყალს და მომავალს აზიანებს, რომ ის თეფშები ნაგვამდე მიიტანონ რომლიდანაც „ღრმადპატივცემულ“ ღირსებას მათსას - ღიპს, მიეწოდა საკვები...
... „აკადემიის“-სუფრის მსვლელობის დროს გამორჩეულად და „პატივისცემის“ ნიშნად ფეხზე ადგომით ადღეგრძელებენ „გაჭირვებულებს“... ვინ უფრო გაჭირვებულია- ის ვინც „ჯიპით“ დადის ასფალტიან გზაზე ქალაქში, ის ვინც უგულისყუროდ, ცინიკურად ისმენს მისივე ნადღეგრძელები „გაჭირვებული“-სათვის მცირეოდენი შემწეობის მოთხოვნას, თუ- ის ვისაც უყვარს, ვინც გენდობა, ვისაც უხარია, ვინც გულწრფელია, სილამაზის აღქმა შეუძლია, ეგ კიდევ საკითხავია...
... სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია-„ სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“... აი ჩვენი მენტალობა და სულისკვეთება... 


ავტორი: ანანო გაგუა                     
                                                                                 
                              


четверг, 19 апреля 2012 г.

შეუძლებელი არაფერია...




ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ანანო ( რომელზეც შემდგომში მექნება საუბარი) ამოვიდა ჩვენთან და..
– ერთი გოგო მინდა წამოვიყვანო თუშეთში. ძალიან ლამაზი, ჭკვიანი, საყვარელი, მაგრამ...
რომა შეშფოთდა:
– ანანო, გესმის რომ დიდი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო ჩემს თავზე, თან თუშთისკენ გზა, შენც ხომ იცი არ არის მარტივი, საკმაოდ სახიფათოცაა, აქვე რომ ვიყოთ სადმე წასასვლელები, რა პრობლემაა, მაგრამ შვიდი დღით თუშეთში?!
– რომა, მთავარი სურვილია და ამ ადამიანს აქვს წამოსვლის სურვილი, დამიჯერე ეს ძალიან ბევრს ნიშნავს მისთვის. ჩვენც ხომ შენს გვერდით ვიქნებით, ერთად კი ყველაფერი გამოგვივა. უბრალოდ, არ შეიძლება არ წავიყვანოთ!

საბოლოოდ ისე მოხდა რომ...
კარგად მახსოვს ის დღე, „დელიკა“ რომ გაჩერდა შენაქოში. ბეხვნეზე ვიდექი (3–4 დღის ჩასული ვიქნებოდი). გადმოვიდნენ ჩვენები, დაღლილები, მაგრამ გზაში ნანახი სილამაზით აღფრთოვანებულები, ემოციებს ვერ მალავდნენ,. მხოლოდ ერთი გოგო არ გადმოვიდა მანქანიდან, წინ იჯდა. ძალიან ლამაზი და მოხდენილი. იქვე, ბეხვნესთან, თუში ბიჭები სვამდნენ ალუდს. ლამაზი გოგო რომ დაინახეს სტვენა და შეძახილები გააჩაღეს, ერთი-ორმა სიმღერაც შემოსძახა: „მოდი ვიქნები შენი წაწალი, მთები დავლაშქროთ ერთად...“ გოგო კი მშვიდად იჯდა მანქანაში და უღიმოდა ყველაფერს ირგვლივ: მზეს, ცას, მწვანეში ჩაფლულ სოფელს და უბრალოდ, ბედნიერი იყო. ვერასოდეს დავივიწყებ თუშების გაოცებულ და შეშფოთებულ სახეებს, როდესაც ჩვენმა ბიჭებმა ეს ლამაზი გოგო ხელში აყვანილი გადმოიყვანეს მანქანიდან და ჩასვეს ინვალიდის სავარძელში.
ყველაფერი, ყველაფერი და რა არა აქვთ თუშებს ნანახი, მაგრამ თუშეთში ფეხებში ძალაწართმეული ულამაზესი გოგო კი არ უნახავთ. წამსვე გამოფხიზლდნენ, ზოგი ბარგის შეტანაში გვეხმარებოდა, ზოგი დარცხვენილი იდგა და ხმას ვერ იღებდა, ზოგმა კი გაბედა მივიდა ირმასთან “ხელში აყვანილს გატარებთ!“ – უთხრეს.
...მართლაც, დაუვიწყარი იყო ის შვიდი დღე; სტუმრებს არ აკლდათ თუშების ყურადღება, ვის რძე, ვის არაჟანი, ვის უბრალოდ ყვავილები მოქონდა ირმასთან.
ამ გოგოს სიმტკიცე და სიძლიერე ბევრ სრულიად ჯანსაღ ადამიანს შეშურდება... მართლაც საოცარი ადამიანია, ჩვენზე ყველაზე მეტად ოპტიმისტი, სულით არასოდეს ეცემა.

ანანო: 2011 წლის 2 ივლისს ამიხდა ოცნება, მოვიარე თუშეთი... ჩამოვედი გადარეული,მართლა გადარეული თუშეთით.. უცხო ადამიანებთან ერთად წავედით მე და ჩემი მეგობარი. ვიცოდი რომ მთაში, მხოლოდ კარგები მიდიან და ამიტომაც არც დავფიქრებულვარ ისე გადავწყვიტე წასვლა. რომ ჩამოვედი, მერე ვიფიქრე, არა, კარგი ადამიანები კი არა, საუკეთესოები მიდიან იმ საოცრების სანახავად რასაც მთა ჰქვია (თავს არ ვიქებ...) მოკლედ, ისევ თბილისში ვარ, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ, თუშეთზე ვლაპარაკობ სამსახურში, მეგობრებში, სახლში, ტრანსპორტშიც კი...
ბევრს არ გავაგრძელებ, ასე ვყვებოდი ყველგან... „მეც მინდა წამოსვლა“ მითხრა ერთმა ძალიან საყვარელმა გოგომ, მე მას თანაგრძნობით შევხედე და დასამშვიდებლად ვუთხარი, რომ მომავალ წელს შენც შეძლებ წამოსვლას–მეთქი...“არა, მე ახლავე მინდა“...
მისი მონდომება ჩემთვის იმდენად ამაღელვებელი იყო და იმდენად მოულოდნელი, რომ დაუფიქრებლად ვუთხარი „კი“
თუმცა რომ დავფიქრდი არც მერე დამინახავს პრობლემა მის წაყვანაში, მას ხომ ასე ძლიერ უნდოდა დამტკბარიყო იმ სამოთხით, იმ სილამაზით, რომელსაც ჩემი აზრით, მართლაც რომ განმაკურნებელი ძალა აქვს.
...მაგრამ, მე ხომ რომასთან ერთად მივდივარ, ის არის ორგანიზატორი, ვიცი რომ რომა ძალიან კარგი ადამიანია, ის აუცილებლად გამიგებს, მე კი არა, ირმას გაუგებს... დამთანხმდება....მეორე დღესვე მივადექი რომას.
... და 4 აგვისტოს ირმა ამშვენებდა ულამაზეს გზას თუშეთისკენ... ეს გოგო ყველაზე ძლიერი ადამიანია, ყველაზე ხალისიანი, ყველაზე გაბედული, კეთლი და უსაყვარლესი... მისი ნახვისას გიჩნდება განცდა, რომ ის სიცოცხლის ნათელს აფრქვევს. მას შეხედავ და იტყვი: ყველაფერი კარგად იქნება.

ზურა: სევდიანი, მაგრამ ბავშურად ლამაზი მწვანე თვალებით ყოველ დღე გასცქეროდა აივნიდან მისივე თვალებისფერ თუშეთის მთებს. იყო სუსტიც და ძლიერიც, ცოტა დაღლილი, მაგრამ მაინც სიცოცხლით სავსე. იღიმებოდა ქალურად, მაცდურად და იყო ბედნიერი, მეგობრების და ულამაზესი ქედების გარემოცვაში.

რომა: ირმა ყოველ დილით ვარჯიშობდა, მთელი ძალით აწვებოდა მოაჯირის სახელურს, ცდილობდა ფეხზე დამდგარიყო. ფეხები უცახცახებდა, მაგრამ მაინც იდგა. მე აუცილებლად გავივლი! ეს იყო მისი სიტყვები და ქმედებით ამას ამტკიცებდა. მახსოვს, აივანზე იჯდა ხშირად და მზეს შეჰყურებდა, თბებოდა და უხაროდა სიცოცხლე. კიდევ ის, რომ მობილურს ხელიდან არ უშვებდა და საყვარელ ადამიანს „ემესიჯებოდა“, ამასთან დაკავშირებით ხშირად ვეხუმრებოდით კიდეც. მე პასუხისმგებლობა კი არ ავიღე, არამედ უსაყვარლესი, უძლიერესი ადამიანი გავიცანი და ამით დღემდე ბედნიერი ვარ.

ირმა, მინდა გითხრა, რომ შენით მოხიბლული ვარ. შენ ის ადამიანი ხარ, ვინც პრობლემების მიუხედავად, გარისკა, გვენდო და წამოგვყვა მთაში. შენ ის ადამიანი ხარ, ვისი მარტო გახსენებაც კი ძალას და სიმხნევეს მმატებს. შენ ის ადამიანი ხარ, ვისი შემხედვარეც ვხვდები, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარი საკუთარი თავის რწმენაა და კიდევ სურვილი, დიდი სურვილი.
...და მჯერა, რომ ერთხელაც, ჩვენ ყველანი ერთად, ფეხით დავლაშქრავთ თუშეთს.


среда, 18 апреля 2012 г.

ტური იმერეთსა და სამეგრელოში (2011 წელი)


რა არის აუცილებელი იმისთვის რომ ტური შედგეს?
პირველ რიგში მარშრუტი – მიმზიდველი, სასურველი და მისაღები ტურისტებისთვის.
გარემო – ანუ ტურში მონაწილე ადამინები.
ორგანიზატორი – რომელსაც ყველაზე დიდი როლი აკისრია: ექსკურსიის ორგანიზება, ტურისტების სასტუმროში განთავსება, ზრუნვა იმაზე რომ უკმაყოფილება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
და ამინდი?!( თუმცა ამინდი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი ).
ამჯერად გაგვიმართლა, ამინდი, მართლაც რომ შესაშურად კარგი იყო, მზით გაბრჭყვიალებული და ნათელი. ჩვენც, მთელი ჩვენი „ამალით,“ დავადექით იმერეთ – სამეგრელოს გზას. ორი სამარშრუტო ტაქსი, სავსე არაჩვეულებრივი ადამიანებით, მხიარული გუნება – განწყობილება.
პირველი გაჩერება – გელათის სამონასტრო კომპლექსი. ბატონმა ამირანმა გიდობა სიამოვნებით გაგვიწია და ისტორიულ – რელიგიურ – მისტიკური ახსნა– განმარტებებით მოგვატარა გელათის ტერიტორია. თითქმის დაგვარწმუნა, რომ თამარ მეფის საფლავზე ვიდექით. გაფართოებული თვალებით ვუყურებდით და გაფაციცებულები ვუსმენდით მის ყოველ სიტყვას.

დაუვიწყარ მოგონებად დარჩება თითოეულ ჩვენგანს, დავით აღმაშენებლის საფლავთან წარმოთქმული ლოცვა, ყველა ერთხმად რომ ვიმეორებდით,.
ინფორმაციით დატვირთულებმა და განსპეტაკებულებმა გზა მოწამეთასაკენ ავიღეთ.

მეორე გაჩერება– მოწამეთა. დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავსაყოფად აგებული ეს მონასტერი, თავისი უზადო ხედებით, მართლაც რომ ულამაზესია. ძნელია გადმოსცე ის შეგრძნება, რაც იქ მისულ ადამიანს ეუფლება . იყო გმირი, შეეწირო შენს სამშობლოს, შენს რელიგიას, იყო მაგალითი ერისთვის, ბერისთვის, მართლაც რომ აღემატება ყოველივე ამქვეყნიურს და ჩვენ, ისღა დაგვრჩენია, წმინდანი ძმების ხსოვნა მუდამჟამს გულით ვატაროთ.

მესამე გაჩერება – ბაგრატის ტაძარი. ტაძარი, რომელიც 1692 წელს თურქთა შემოსევის დროს განადგურდა.
განვლილ საუკუნეებში ქუთაისის მშვენება და მფარველი ტაძარი, გუმბათჩამოშლილი, ჩაშავებული კედლებით,მაგრამ მაინც ამაყი, იდგა ჩვენს წინაშე. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მალე გუმბათსაც დაადგამენ, „შეფუთავენ“, შეალამაზებენ. თუმცა, ეს უკვე სხვა ტაძრის ისტორია იქნება და არა იმ დიდი და დიადი ტაძრისა, ბაგრატ მესამე რომ აშენებდა, მეთერთმეტე საუკუნის ერთიანი საქართველოს პირველ სიმბოლოდ .
სად გავჩერდი?

დიახ, მეოთხე გაჩერებასთან...
მეოთხე გაჩერება – პრომეთეს, იგივე ყუმისთავის მღვიმე. წინ,მიწის სიღრმეში, მართლაც, არნახული სანახაობა გველოდა. ახლახან აღმოჩენილი მღვიმე , უკვე საკმაოდ პოპულარულია, არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც. მთელი კილომეტრ ნახევარი მიწაში მოძრაობ, ათვალიერებ სხვადასხვა ფორმისა და ზომის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, გადადიხარ მიწისქვეშა უღელტეხილს. მღვიმეს სხვადასხვა დასახელების ექვსი დარბაზი აქვს.

მთელი ეს კილომეტრნახევრიანი გზა ჩურჩულით გავიარეთ. ცოტა არ იყოს და მკაცრი გამყოლი გვყავდა. იმის შიშით, ღამურა არ ჩაგვფრენოდა თავში, ან სტალაქტიტი არ დაგვცემოდა, ხმას ვინ ამოიღებდა. ისე, ემოციებსაც, ყველანი ჩვენებურად, მდუმარედ გამოვხატავდით და აი, ჰოი საოცრებავ! ბოლო დარბაზში – ჩვენს საპატივცემულოდ, თუ ღამურების გასახარად, ტიტანიკის საუნდტრეკი–„My Heart Will Go On“ ჩაგვირთეს. მუსიკის ჰანგები მოედო მღვიმეს, ჩვენც სიამოვნებით ვუსმენდით ჩვენს ირგვლივ ახმიანებულ მელოდიას. თუმცა, ჩაძირვას და იქ დარჩენას არავინ გეგმავდა, წინ ხომ მარტვილის მონასტერი გველოდა.


მეხუთე გაჩერება – მარტვილის მონასტერი. გზა იმერეთიდან – სამეგრელოსკენ ნახევარ საათში დავფარეთ. უკვე, საკმაოდ ბნელოდა, მარტვილში რომ შევედით. ჩაბნელებული პატარა ქალაქი, დაცარიელებული ქუჩები, კანტიკუნტად განათებული სახლები და ამის ფონზე, გორაკზე აღმართული, თვალისმომჭრელად მოელვარე– მარტვილის მონასტერი.
მონასტერში, მოლოცვის შემდეგ, ჩვენდა გასახარად, წილად გვხვდა, მოგვენახულებინა პატარა სენაკი, სადაც გადმოცემის თანახმად, გიორგი ჭყონდიდელი ამეცადინებდა დავით აღმაშენებელს.
ამ ფრიად დატვირთული დღის შემდეგ, ისღა დაგვრჩენოდა, კიდევ ერთხელ ხოტბა შეგვესხა წინაპრებისთვის, რომელთაც ასეთი დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს და გავნაწილებულიყავით საოჯახო სასტუმროებში.
მეექვსე გაჩერება– საოჯახო სასტუმროები, სადაც ჩვენს ტურისტებს ელოდათ – მეგრული სუფრა, გულმხურვალე მასპინძელები და თბილი ლოგინი.
მეორე დღე, დილიდანვე, მხიარული ნოტებით დაიწყო. სამარშრუტო ტაქსში, საკმაოდ სერიოზული სჯა – ბაასი გაიმართა იმის შესახებ, თუ ვისი სასტუმრო სჯობდა.
– ჩვენ ისეთი გემრიელი სუფრა დაგვახვედრეს, რომ .. ( უფროსი თაობა).
– ჩვენი სუფრაც არ იყო, თქვენსაზე ნაკლები (ახალგაზრდები).
– ჩვენთან გიტარაზე უკრავდნენ და ფანდურზეც, ვცეკვავდით, ვმღეროდით, ანეგდოტებს ვყვებოდით(უფროსი თაობა)
– ჩვენ კი, საღამოს ცეცხლი დავანთეთ და ვთბებოდით(ახალგაზრდები).
– ჩვენ ძაღლი რექსი გვყავდა(ახალგაზრდები)
– ჩვენც გვყავდა ძაღლი...(უფროსი თაობა)
– ღამე ისე თბილად და ტკბილად გვეძინა...
კონსესუსამდე მისვლა საკმაოდ ძელი აღმოჩნდა, თუ გავითვალისწინებთ ოდითგანვე ცნობილ მეგრული სტუმარ – მასპინძლობის ადათ – წესებს, ყველაფერი გასაგებია. ასეთი განხილვა – გარჩევით მივადექით დადიანების საზაფხულო სასახლეს.
მეშვიდე გაჩერება–დადიანების სასახლე სალხინოში. უზარმაზარი ეზო, ბზის ულამაზესი ხეივანი, პატარა ეკლესია და ეზოს შუაგულში წამომართული სასახლე– მეცხრამეტე საუკუნეში დაბრუნების უმარტივესი საშუალება აღმოჩნდა. წარმოვიდგინეთ, როგორ დასეირნობდა ეკატერინე ჭავჭავაძე თავისი ურიცხვი ამალით ამ ადგილებში. როგორ შეხაროდა აშილ მიურატი თავისი ხელით მოყვანილ ვაზს. მანდილოსნებს ისღა დაგვრჩენოდა გრძელი კაბები, პატარა ქოლგები და ჩოხა– ახალუხში გამოწყობილი თანმხლები მამაკაცები გვენატრა.
სასახლიდან გეზი აბაშის ხეობისკენ ავიღეთ.
მერვე გაჩერება– დადიანების საბანაო და გოჭკადილის კანიონი. მზე, თვალისმომჭელად ელვარე, წყალი, მწვანე – მწვანე, ჩანჩქერებით დაძარღვული ხეობა, მთელი თავისი სილამაზით შემოგვეგება.
„ დადიანების საბანაო „ – კიბეებს რომ ჩაყვებით სიღრმეში, ხეობაში მოჩხრიალე მდინარის ხმა რომ დაფარავს ფიქრების ხმას, ,თვალებში რომ აკიაფდება ხეებით მოსილი ულამაზესი ადგილი, მაშინ იგრძნობ ბუნების სიძლიერეს და სიმშვიდეს. თითქოს ხეობას დიდი დარბაზი მოუწყვიაო თავისთვის, უზარმაზარი ლოდებით დამშვენებული, მზის სხივსაც კი არ აკარებს არემარეს, რათა მარტო თვითონ იამაყოს თავისი შედევრით. აბობენ, დადიანები სწორედ ამ ადგილას ბანაობდნენო. რა გასაკვირია, უცხო თვალისგან მოშორებული მშვენიერი ადგილისთვის მიუგნიათ და იბანავებდნენ გემოზე, აბა რა.
„გოჭკადილის კანიონი“–აქეთ – იქიდან კლდეებით გარშემორტყმულ კანიონში შესვლა ნავებითაა შესაძლებელი. კლდეებს თუ კარგად დააკვირდები, შეიძლება პირველყოფილი ადამიანების პროფილსაც მიამსგავსო. მიუხედავათ სიცხისა კანიონში ტემპერატურა მკვეთრად დაბალია. ნავში გემრიელად მოკალათებული ათვალიერებ გარემოს და კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ, ხოტბას ასხამ ბუნების მიერ შექმნილ მშვენიერებას.
ჩვენ და ხეობას ერთი პრობლემა გვაქვს, წარმოუდგენელია ვეწვიოთ ამ ადგილებს და ერთი ციფრული არ შეეწიროს, ან ვინმე მაინც არ დასველდეს. ამჯერადაც „ივაჟკაცეს“ ტურისტებმა და ერთ – ერთი სრულიად შემთხვევით ნავში ჩაჯდომის დროს აღმოჩნდა წყალში, დასახმარებლად წასულ მეგობარს კი, ციფრული გაუვარდა და პირდაპირ ფსკერისაკენ წავიდა. ყველაფერი კარგად დამთავრდა, ციფრული ამოღებულ იქნა და დასველებული ტურისტები გამოყვანილ იქნენ ნაპირზე.
შუადღე გადასული იყო სასტუმროებში რომ დავბრუნდით. გემრიელი სადილის შემდეგ კი სათაფლიის მონახულებაც მოვასწარით.
მეცხრე გაჩერება – სათაფლიის მღვიმე. კიდევ ერთხელ მოვინუსხეთ იმერეთის ულამაზესი ხედებით. ვაღიარეთ დინოზავრთა უბადლო გემოვნება ამ ადგილის შერჩევის გამო. ავედით შუშის გადასახედზეც, სადაც რატომღაც ყველას დენმა დაარტყა. ალბათ გამოფხიზლების გამო, რადგან უკვე ისეთი დაღლლები და ემოციისგან დაცლილები ვიყავით, რომ ერთი სული გვქონდა სახლებში დავბრუნულიყავით და ეს ორი არაჩვეულებრივი დღე, ტკბილ მოგონებად გვექცია.



ტური შედგა!
ტურისტები – მეცნიერთა აკადემიამ შეიძლება იამაყოს თავისი თანამშრომლებით .
ორგანიზებაც – მშვენიერი.
რაც შეეხება უშუალოდ ორგანიზატორს – ერთი ნაკლი ჰქონდა მხოლოდ – ცოლიანი იყო. :)
სხვა?! სხვა დროისთვის გადავდოთ, როცა გაგრძელება იქნება...