Страницы

четверг, 19 апреля 2012 г.

შეუძლებელი არაფერია...




ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ანანო ( რომელზეც შემდგომში მექნება საუბარი) ამოვიდა ჩვენთან და..
– ერთი გოგო მინდა წამოვიყვანო თუშეთში. ძალიან ლამაზი, ჭკვიანი, საყვარელი, მაგრამ...
რომა შეშფოთდა:
– ანანო, გესმის რომ დიდი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო ჩემს თავზე, თან თუშთისკენ გზა, შენც ხომ იცი არ არის მარტივი, საკმაოდ სახიფათოცაა, აქვე რომ ვიყოთ სადმე წასასვლელები, რა პრობლემაა, მაგრამ შვიდი დღით თუშეთში?!
– რომა, მთავარი სურვილია და ამ ადამიანს აქვს წამოსვლის სურვილი, დამიჯერე ეს ძალიან ბევრს ნიშნავს მისთვის. ჩვენც ხომ შენს გვერდით ვიქნებით, ერთად კი ყველაფერი გამოგვივა. უბრალოდ, არ შეიძლება არ წავიყვანოთ!

საბოლოოდ ისე მოხდა რომ...
კარგად მახსოვს ის დღე, „დელიკა“ რომ გაჩერდა შენაქოში. ბეხვნეზე ვიდექი (3–4 დღის ჩასული ვიქნებოდი). გადმოვიდნენ ჩვენები, დაღლილები, მაგრამ გზაში ნანახი სილამაზით აღფრთოვანებულები, ემოციებს ვერ მალავდნენ,. მხოლოდ ერთი გოგო არ გადმოვიდა მანქანიდან, წინ იჯდა. ძალიან ლამაზი და მოხდენილი. იქვე, ბეხვნესთან, თუში ბიჭები სვამდნენ ალუდს. ლამაზი გოგო რომ დაინახეს სტვენა და შეძახილები გააჩაღეს, ერთი-ორმა სიმღერაც შემოსძახა: „მოდი ვიქნები შენი წაწალი, მთები დავლაშქროთ ერთად...“ გოგო კი მშვიდად იჯდა მანქანაში და უღიმოდა ყველაფერს ირგვლივ: მზეს, ცას, მწვანეში ჩაფლულ სოფელს და უბრალოდ, ბედნიერი იყო. ვერასოდეს დავივიწყებ თუშების გაოცებულ და შეშფოთებულ სახეებს, როდესაც ჩვენმა ბიჭებმა ეს ლამაზი გოგო ხელში აყვანილი გადმოიყვანეს მანქანიდან და ჩასვეს ინვალიდის სავარძელში.
ყველაფერი, ყველაფერი და რა არა აქვთ თუშებს ნანახი, მაგრამ თუშეთში ფეხებში ძალაწართმეული ულამაზესი გოგო კი არ უნახავთ. წამსვე გამოფხიზლდნენ, ზოგი ბარგის შეტანაში გვეხმარებოდა, ზოგი დარცხვენილი იდგა და ხმას ვერ იღებდა, ზოგმა კი გაბედა მივიდა ირმასთან “ხელში აყვანილს გატარებთ!“ – უთხრეს.
...მართლაც, დაუვიწყარი იყო ის შვიდი დღე; სტუმრებს არ აკლდათ თუშების ყურადღება, ვის რძე, ვის არაჟანი, ვის უბრალოდ ყვავილები მოქონდა ირმასთან.
ამ გოგოს სიმტკიცე და სიძლიერე ბევრ სრულიად ჯანსაღ ადამიანს შეშურდება... მართლაც საოცარი ადამიანია, ჩვენზე ყველაზე მეტად ოპტიმისტი, სულით არასოდეს ეცემა.

ანანო: 2011 წლის 2 ივლისს ამიხდა ოცნება, მოვიარე თუშეთი... ჩამოვედი გადარეული,მართლა გადარეული თუშეთით.. უცხო ადამიანებთან ერთად წავედით მე და ჩემი მეგობარი. ვიცოდი რომ მთაში, მხოლოდ კარგები მიდიან და ამიტომაც არც დავფიქრებულვარ ისე გადავწყვიტე წასვლა. რომ ჩამოვედი, მერე ვიფიქრე, არა, კარგი ადამიანები კი არა, საუკეთესოები მიდიან იმ საოცრების სანახავად რასაც მთა ჰქვია (თავს არ ვიქებ...) მოკლედ, ისევ თბილისში ვარ, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ, თუშეთზე ვლაპარაკობ სამსახურში, მეგობრებში, სახლში, ტრანსპორტშიც კი...
ბევრს არ გავაგრძელებ, ასე ვყვებოდი ყველგან... „მეც მინდა წამოსვლა“ მითხრა ერთმა ძალიან საყვარელმა გოგომ, მე მას თანაგრძნობით შევხედე და დასამშვიდებლად ვუთხარი, რომ მომავალ წელს შენც შეძლებ წამოსვლას–მეთქი...“არა, მე ახლავე მინდა“...
მისი მონდომება ჩემთვის იმდენად ამაღელვებელი იყო და იმდენად მოულოდნელი, რომ დაუფიქრებლად ვუთხარი „კი“
თუმცა რომ დავფიქრდი არც მერე დამინახავს პრობლემა მის წაყვანაში, მას ხომ ასე ძლიერ უნდოდა დამტკბარიყო იმ სამოთხით, იმ სილამაზით, რომელსაც ჩემი აზრით, მართლაც რომ განმაკურნებელი ძალა აქვს.
...მაგრამ, მე ხომ რომასთან ერთად მივდივარ, ის არის ორგანიზატორი, ვიცი რომ რომა ძალიან კარგი ადამიანია, ის აუცილებლად გამიგებს, მე კი არა, ირმას გაუგებს... დამთანხმდება....მეორე დღესვე მივადექი რომას.
... და 4 აგვისტოს ირმა ამშვენებდა ულამაზეს გზას თუშეთისკენ... ეს გოგო ყველაზე ძლიერი ადამიანია, ყველაზე ხალისიანი, ყველაზე გაბედული, კეთლი და უსაყვარლესი... მისი ნახვისას გიჩნდება განცდა, რომ ის სიცოცხლის ნათელს აფრქვევს. მას შეხედავ და იტყვი: ყველაფერი კარგად იქნება.

ზურა: სევდიანი, მაგრამ ბავშურად ლამაზი მწვანე თვალებით ყოველ დღე გასცქეროდა აივნიდან მისივე თვალებისფერ თუშეთის მთებს. იყო სუსტიც და ძლიერიც, ცოტა დაღლილი, მაგრამ მაინც სიცოცხლით სავსე. იღიმებოდა ქალურად, მაცდურად და იყო ბედნიერი, მეგობრების და ულამაზესი ქედების გარემოცვაში.

რომა: ირმა ყოველ დილით ვარჯიშობდა, მთელი ძალით აწვებოდა მოაჯირის სახელურს, ცდილობდა ფეხზე დამდგარიყო. ფეხები უცახცახებდა, მაგრამ მაინც იდგა. მე აუცილებლად გავივლი! ეს იყო მისი სიტყვები და ქმედებით ამას ამტკიცებდა. მახსოვს, აივანზე იჯდა ხშირად და მზეს შეჰყურებდა, თბებოდა და უხაროდა სიცოცხლე. კიდევ ის, რომ მობილურს ხელიდან არ უშვებდა და საყვარელ ადამიანს „ემესიჯებოდა“, ამასთან დაკავშირებით ხშირად ვეხუმრებოდით კიდეც. მე პასუხისმგებლობა კი არ ავიღე, არამედ უსაყვარლესი, უძლიერესი ადამიანი გავიცანი და ამით დღემდე ბედნიერი ვარ.

ირმა, მინდა გითხრა, რომ შენით მოხიბლული ვარ. შენ ის ადამიანი ხარ, ვინც პრობლემების მიუხედავად, გარისკა, გვენდო და წამოგვყვა მთაში. შენ ის ადამიანი ხარ, ვისი მარტო გახსენებაც კი ძალას და სიმხნევეს მმატებს. შენ ის ადამიანი ხარ, ვისი შემხედვარეც ვხვდები, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარი საკუთარი თავის რწმენაა და კიდევ სურვილი, დიდი სურვილი.
...და მჯერა, რომ ერთხელაც, ჩვენ ყველანი ერთად, ფეხით დავლაშქრავთ თუშეთს.


2 комментария: