Страницы

среда, 15 августа 2012 г.

ჩანაწერები თუშეთიდან


          ...6 საათი, 2012წლის 31ივლისი.
             
  კესელოს ციხეებთან ვზივარ მუხლმოყრილი. გადავყურებ თვალწინ აღმართულ უზარმაზარ მთებს, მწვანეში ჩაბნეულ ყვავილებს და ვგრძნობ, რომ ყველა ფიქრი რაც კი ჩემშია, ერთნაირი სიმძაფრით იწყებს ბორგვას...
             ამ წუთას, მეც  ნაწილი ვარ მთების, ხელს ვადებ მიწას,  ვგრძნობ როგორ ფეთქვას და ვიღიმი ისე გულწრფელად, ისე ალალად, როგორც მხოლოდ ბავშვი  იღიმება პირველად რომ აახელს თვალს...
           ...ეს თავისუფლების შეგრძნებაა და მე დამიმონა ამ გრძნობამ  და ზუსტად ვიცი, სჯობს მონა ვიყო თავისუფლების, ვიდრე მატერიალური ყოფიერების...
...
            მიყვარს, კი, მიყვარს მზის შუქზე აელვარებული ჰორიზონტი, შორს ნისლებში ჩაძირული მთის წვერები,  ფიჭვით დაფარული ტყეები, მოშრიალე ბალახები, ქვებში შემალული ხვლიკები, ცაზე დაშლილი ღრუბლები!
           მიყვარს კესელოებიდან დანახული სოფელი, ხელის გულზე მოთამაშე ბავშვები, მთის კუნჭულებში გაბნეული ცხვარი, ამაყად მოსეირნე ცხენები, ზურგჩანთა მოკიდებული ტურისტები, სოკოებივით გაშლილი კარვები, მოფუსფუსე თუში დიასახლისები, სიპი ქვით ნაშენი სახლები, მწვანე ბალახში  გაკვალული გზები, ნაიარებივით რომ ატყვია მთებს. მიყვარს ეს ქვა აქ  ჩემს გვერდით რომ გდია  და ვინ იცის  რამდენ საუკუნეს ითვლის მისი დახავსებული გვერდები. მიყვარს თითოეული ნაბიჯი აქ გადადგმული, მიყვარს აქედან აღქმული სამყარო, სამყარო რომელიც მხოლოდ ჩვენია...  მიყვარს  შეგრძნება, რომელიც მხოლოდ ჩვენია...

                        1 აგვისტო 2012წლის
            ზემო ომალოს გვერდით ერთი ფიჭვის ტყეა, იქ ვზივარ გორაზე, ჩემს თვალწინ ქვემო ომალოს ხედია გადაშლილი და კიდევ მთები, მთები და მთები, ფიჭვით დაფარული, რკალად შემოჯარული უზარმაზარი მთები.  სიმშვიდე გამეფებულა ირგვლივ, მდუმარებას მხოლოს სიოს მიერ მოტანილი ბუნების ხმები თუ არღვევს.
           ჩემს უკან ძველისძველი სასაფლაოა,  დროისა და წარმავლობის სიმბოლო...  „მტრის ხელით დაიღუპა ინაური სტეფანე სოლომონის ძე 1883–1908წწ „– ვკითხულობ  და ვათვალიერებ მიწაში ღრმად ჩამჯდარ ქვებს, რომელზეც წარწერების ნაცვლად თუშებს უცნაური სიმბოლოები გამოუსახავთ...  ვფიქრობ წარსულზე,  იმ დროზე როცა ჯერ კიდევ მხოლოდ საფეხმავლო ბილიკებით იყო მოსილი ამწვანებული ტყეები, როცა მტრისგან თავდასაცავად  სიპი ქვისგან აგებდნენ სახლებს  პატარა სარკმლებით და დაბალი შესასვლელით...
        ...როცა მეცხვარეები ღამის სუსხისგან თავდასაცავად ნაბადში ეხვეოდნენ...
      ...როცა თუში ქალი გარმონს ააჟღერებდა და მთელი სოფელი ცეცხლის წინ დაამღერებდა ბრძოლებში სახელგანთქმული გმირის სახელს...
     ...როცა სალოცავში წასასვლელად გამზადებულ მამაკაცებს, ქალები აცილებდნენ...
     ...როცა საბრძოლველად შემართულ ქმრებს, ცოლები სიამაყით შესცქეროდნენ...
        მივდივარ უფრო შორს  და ვხედავ თუშ ვაჟკაცებს, თავიანთი მიწა–წყლის გამო უშიშრად რომ ებრძოდნენ მტრებს, ან ლაღად დასეირნობდნენ  ფაფარ აშლილი ცხენებით.  ვუცქერ ახალგაზრდა, გასათხოვარ თუშ ქალებს, მუშაობით დაკოჟრილი თითებით რომ გამოჰყავდათ ლამაზი ფიგურები თექაზე   და თავჩაღუნულებს ღაწვები  ეწვებოდათ გვერდით თუ   ბრძოლებში გამოწრთობილი ვაჟკაცი ჩაუვლიდათ...
        აქ რომ ხარ ძნელია არ იფიქრო წარსულზე,  იმ დროზე როცა  თუშებისთვის ბარი  მხოლოდ შორეული ეფემერა იყო, ბარის მცხოვრებთათვის  კი მიუვალი ნაწილი საქართველოსი...

       ზოგჯერ ვფიქრობ, რომ თუშეთი განტვირთვის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა, ხმაურიანი ქალაქიდან სადღაც შორს მთებში იკარგები, მერე უკან ბრუნდები და მთელი წელი აქ განცდილი ლამაზი შეგრძნებებით იკვებები...
       რამდენიმე რჩევა აქ ამომსვლელთათვის:
        – გათიშეთ მობილურები.
        – დაუგდეთ ბუნებას ყური, ის ხომ გამუდმებით გეჩურჩულებათ რაღაცას.
        – მოიხსენით დაძაბულობა და მიაგდეთ სადმე კუთხეში. მოეშვით და უბრალოდ დატკბით.
        – გიყვარდეთ ის ნაბიჯები, რომელსაც აქ გადადგამთ... შეიყვარეთ საკუთარი თავი და ის ჭიანჭველაც კი ფეხზე რომ შეიძლება ამოგაცოცდეთ.

          
  2 აგვისტო 2012წელი

       ჩვენი სახლი, ზემო ომალოში, თითქმის ას წელს ითვლის. აქ ჯერ კიდევ სუნთქავენ წინაპართა აჩრდილები, ნინიკო, ჩემი მეუღლის, რომას დედა  ყვება,  რომ    პაპამისი ისეთი ძლიერი კაცი იყო, მხრით მოიტანა საყრდენი ბოძი... რას გაუგებ გადმოცემებს, იქნებ მართალიც იყოს...
       ვცდილობ რომას დავეხმარო სახლის შეკეთება– შელამაზებაში, ზუსტად არ ვიცი ვეხმარები, თუ ხელს ვუშლი, მაგრამ რომა მამშვიდებს, მეუბნება: „ ძალიან, ძალიან მეხმარები!“ მეც ბავშვივით მიხარია, რომ ჩემი  სულ პატარა წვლილი შემაქვს.
       უზარმაზარი,ძველისძველი ხელით ნაკეთი კიდობანი ავაწყეთ მე და ნინიკომ. ვისაც ჩვენ სახლში მოუწევს ღამის გათევა ტურისტს თუ მეგობარს, შეუძლებელია ის კიდობანი ვერ შენიშნოს. საქმიანობაში გართულებმა ნიკოლოზის დროინდელი ლურსმანი და 1965 წლის ლატარიის ბილეთი აღმოვაჩინეთ. სათუთად შევინახეთ პირველ სართულზე განთავსებულ სასადილო ოთახში, რომელიც მუზეუმის მაგივრობასაც წევს.  ეს ოთახი  ჩემში სხვადასხვაგვარ ასოციაციებს იწვევს. განსაკუთრებული ელფერი შებინდებისას აქვს, სანთლის შუქზე, ბექქონდარას ჩაის სმის დროს მაშინ, როცა  დიასახლისი ტკბილი ხმით იწყებს   სხვადასხვა ისტორიების მოყოლას თუშეთის, მითების, გმირების შესახებ და ამ ისტორიებს ფონად გაჰყვება წარსულიდან შემორჩენილი ნივთები  და წინაპართა უკვდავსაყოფად გამოფენილი სურათები.

              საღამო...  ცეცხლთან ვსხედვართ მე და რომა, ჩეხ მკვლევარებთან ერთად. ისინი უკვე ორი კვირაა აქ არიან, კარვებში ცხოვრობენ. დაახლოებით თხუთმეტნი იქნებიან. ჩამოტარებით სვამენ სასმელს და რიგრიგობით ამბობენ სადღეგრძელოებს, ბოლოს კი ხმამაღლა ამატებენ: „გაუმარჯოს!“ ძირითადად თუშეთი, თუშეთის ბუნება და ტრადიციებია სასაუბრო თემა. მათმა წინამძღოლმა ერთი უცნაური და საინტერესო რამ   თქვა: „სადღეგრძელო სადღეგრძელოსთვის!“ მან   აგვიხსნა,  რომ სადღეგრძელოს კულტურა პირველად აქ შეიგრძნო, მერე აღფრთოვანებით გვიყვებოდა, თუ რა ლამაზია კესელოები გამთენიისას მზის პირველი სხივი რომ მოხვდება და შემდეგ უკვე გვირგვინივით რომ ადგას  უძველეს ციხე– კოშკს. 
    ...სასიამოვნოა უთუოდ  უცხოელის მიერ შენი სამშობლოს ქების მოსმენა... მეც გატრუნული ვუსმენ და შევყურებ სიბნელეში კონტურებად მოხაზულ კესელოებს!



  3 აგვისტო 2012წელი

   გომეწრის ხეობა
   
 მანქანით მივუყვებით გზას და თვალებგაფართოებული შევცქერი იმ საოცრებას, რომელიც ჩემს თვალწინ იშლება!
    მთის წვერებზე შეფენილი სოფლები, მუდამ მშფოთვარე, მოუსვენარი ალაზანი უდარდელად  მიაპობს ხეობას...
   ხასხასა ფერებით აბურძგნული მთის კალთები...
   გულში მიხარია  ადამიანის ხელი რომ  ვერ ეხება თუშეთს, რომ აქ ბუნება ველურობს და შენ სულ პატარა მარცვალი ხარ მიწის, რომელსაც არ შეუძლია მოსპოს და გაანადგუროს ეს კუთხე „აღმშენებლობის“ მიზნით. კომუნიზმმაც კი ვერ მოიკიდა ფეხი ამ მიწაზე, ვერ დაანაკუწა თუშეთი კომლებად და ვერ მოსპო აქ გამეფებული თავისუფლება ვერც ხალხში, ვერც ბუნებაში, თუმცა რაც მართალია, მართალია გულით  ეცადნენ, გზაც მაშინ დაიგო 70–იანებში.
თქვენ წარმოიდგინეთ და  გზა რომელიც დააგეს, ისიც  კი ებრძვის ცივილიზაციას და თანამედროვეობის ქარიშხალს...
   აქ დრო სვენებ– სვენებით მინავარდობს, არსად ეჩქარება, ბარისგან განსხვავებით.  სწორედ ამიტომ მიყვარს თუშეთი ყველაზე მეტად, ველური, თავისუფალი და ამაყი, დროსაც რომ ამონებს და თავის კალთებზე აძინებს მშვიდად...  
   შარშან ერთმა ჩვენმა ტურისტმა, რომელიც საფრანგეთიდან იმხანად დაბრუნდა, აღფრთოვანებით შესძახა: „ რა საწყენია იმპრესიონისტები რომ ვერ მოხვდნენ ამ კუთხეში, ალბათ აქაურობა რომ ენახათ რამდენად  მეტ ფასდაუდებელ შედევრს შექმნიდნენ!“  ხშირად მიფიქრია მის  ნათქვამზე   და წარმოვიდგენ ხოლმე აი, აქ რომ ყოფილიყვნენ ახლა სადაც ვდგავარ, როგორ გადმოსცემდნენ ფუნჯით იმას, რისი გადმოცემაც მე სიტყვებითაც კი მიჭირს...


                 4 აგვისტო 2012 წელი
            დღეს თბილისში უნდა დავბრუნდეთ.
  მიჭირს გამომშვიდობება, კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი კესელოებიდან გადაშლილ ხედებს, კიდევ ერთხელ გავიგე მიწის და ბუნების გუგუნი და რაც გულში ვერ დავიტიე, გონებაში წარმოსახვად ვაქციე...
    დროებით!    ვამბობ ჩურჩულით, ვეშვები ქვემოთ და მივდივარ...   
                              
                                                                                                                               
                                                                                                                 




                                                                                                            

Комментариев нет:

Отправить комментарий