Страницы

воскресенье, 24 июня 2012 г.

ევსო იჭირაული


გაზეთი: „განახლებული თუშეთი“ – ახმეტის რაიონის ალვანის მეცხვარეობის საბჭოთა მეურნეობის დირექციის, პარტიული კომიტეტისა და მუშათა პროფკავშირული კომიტეტის ყოველკვირეული ორგანო.  1970წელი, პარასკევი, 31 ივლისი.

„შინმოუსვლელთა უკვდავსაყოფად“
                                    სამშობლოს 
                                             ევსო იჭირაული
                                            13–X –1939
მახსოვს სამშობლო, გარიჟრაჟი ჩემი ცხოვრების,
როცა თვალზე ძილს არ მიფრთხობდა მომავლის ფიქრი,
მესმის, ჰო, მესმის გულისცემა ზვიადი მთების
და გახვეული ქარიშხალში იმათკენ მივქრი.
აი ქვეყანა, სად პირველად ვსცან სხივი მზისა, –
მე საიდანაც გავუდექი ცხოვრების შარას,
რა ტკბილი იყო ალერსი და კალთა დედისა,–
როცა ვისმენდი გიშრისთმიან ქალწულის არაკს.
როცა ყმაწვილი ცას ვუმზერდი, ცას ლაჟვარდიანს,
შორს მიბნედილი ვარსკვლავების სხივით დაისრულს,
მეხი რომ სცემდა ჩაბნელებულს საირმეს კლდოვანს
და უფსკრულებში მიამტვრევდა ალპურ ფაიფურს.
მთავ, ბუმბერაზო! შენგან მომდევს ამ გულის ღელვა,
შენ ჩამინერგე თავგანწირულს მკერდში საკირე,
ზედ შემოანთე შენებური მეხი და ელვა
და გრიგალებთან საბრძოლველად თავი გავწირე.
როგორც კიდობანს ნოეს მიერ წარღვნას მინდობილს,
შორს, ყინულოვან უცხოეთში შემომათენდა
და კვლავ გეძახის ჩემი გული დამხვდი მშვიდობით,
ოდესმე ჩვენი შეხვედრის დღე თუ კვლავ გათენდა.
ოჰ, როგორ მინდა ამ წუთებში არწივად ვიქცე,
გადმოვიარო ხევ–ხუვები მთანი და ქვა–კლდე,
და თუნდ ქვეყანა აყვავებულ სამოთხედ იქცეს,
მე მაინც თერგით აძგერებულ მკერდზე დაგაკვდე.
დაგაკვდე მკერდზე...არ ვინატრი სიცოცხლის წუთებს,
ოღონდ ნიავმა მოთარეშემ მიმღეროს ნანა,
ფიქრებით მოღლილ შუბლს ნისლები დაისაკუთრებს
და მზესაც მაშინ მოუნდება პირის დაბანა.
ჭიუხებიდან გადმომხედავს ვაჟას აჩრდილი,
ნისლს ჩამოყვება ბნელი ღამის იდუმალება,
და როგორც ქალი ნიავისგან თავშალახდილი,–
მთვარე ლაჟვარდის უდაბნოში მიიმალება.

ამონარიდი სტატიიდან „რა ლამაზია თუშეთი“ (17.11.1983) სამწუხაროდ ჟურნალის პირველი ყდა დაკარგულია და ვერ შევძელი ჟურნალის სახელის გაგება.


მარო სისაური

„სადაც არის ასი წელი შეუსრულდება. ამ ასი წლიდან 40–ზე მეტი ლოდინში გალია.
ერთადერთი ვაჟიშვილი სარატოვში სწავლობდა. შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტში გადავიდა. სამამულო ომმაც იქ მოუსწრო. 20წლისა იყო მაშინ ევსო.
ომის პირველ დღეებში წავიდა ფრონტზე, შინ აღარ დაბრუნებულა. დედამ ცნობა მიიღო, – უგზოუკვლოდ დაიკარგაო. მას შემდეგ არ სცილდება თავის კარ–მიდამოს. აქედან წავიდა ჩემი ევსო და ისევ აქ დაბრუნდებაო.
მეუღლე კარგა ხანია გარდაეცვალა. ქალიშვილს თელავში აქვს ოჯახი. დედა ზამთარ–ზაფხულ ომალოშია: ევსო რომ ჩამოვა, ცარიელი ხომ არ უნდა დახვდეს სახლიო.
ეკითხებიან, თუ მოგწონთ დღევანდელი ცხოვრებაო. ეღიმება:
– აბა რა იყო უწინ. ქმართან სხვების დასანახად დალაპარაკებაც კი სირცხვილი იყო. ოჯახის წევრებთანაც ვერ ვბედავდი პურის ჭამას. უბედური ცხოვრება იყო. ახლა განათლებაც არის და კარგი ყოფაც. მომწონს შარვლიანი ქალები. კარგებიც არიან და ლამაზებიც, მხოლოდ ეგ არის, ევსო იგვიანებს, რატომ არ ჩამოდის, ხომ მოიხადა თავისი ვალი. გზაზე რომ შემხვდეს, იქნებ ვერც ვიცნო, უკვე მოხუცდებოდა.
 და არც ერთხელ, არ მოუხსენიებია თავისი ვაჟი, როგორც დაღუპული.
 უსათვალოდ ქსოვს ჩითებს, ირეცხავს, სადილს იმზადებს და ყოველთვის გზისკენ უჭირავს თვალი – მახარობლის მოსვლა არ გამომეპაროსო.“  (მზია ჭიჭიაშვილი)

მარო სისაური გარდაიცვალა 1986წელს... სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც შვილის მოლოდინში და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც კი წამდა რომ ევსო გადარჩა და ცოცხალია სადღაც იქ...

მასალა მომაწოდა მარო სისაურის შვილიშვილმა – ნინომ, რომელიც დღემდე დიდი რუდუნებით უვლის ომალოს სახლს,სადაც ევსო გაიზარდა და დავაჟკაცდა და მასაც სჯერა რომ თუ ევსომ ვერ შეძლო დაბრუნება, ოდესმე მისი შთამომავლობა აუცილებლად დაბრუნდება , სისხლი და სამშობლო ხომ არასოდეს იკარგება.
ნინო  – ევსო 18–19 წლის განათლებული,ერუდირებული, თავისუფალი ბუნების ადამიანი იყო.ხომ წარმოგიდგენიათ მთაში დაბადებლი, ველური ბუნების შვილი. ყმაწვილი,რომელიც არაჩვეულებრივად წერდა, თავისუფლად საუბრობდა გერმანულად და რუსულად. მისი შინაგანი სამყარო ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საბჭოთაკავშირს და იმ რეალობას რომელიც მის სამშობლოში მეფობდა. ყოველთვის სურდა ყოფილიყო თავისუფალი,  მოაზროვნე, შიშის და მონობის გარეშე. შეიძლება სწორედ ამიტომაც აღარ დაბრუნდა,არც მიიღებდნენ , როგორც ყველა  საზღვაგარეთ ნამყოფს ,მითუმეტეს განათლებულს და მოაზროვნეს, განსაკუთრებით დაუწყებდნენ დევნას, ერის მოღალატედ გამოაცხადებდნენ  და შეავიწროებდნენ  არამარტო მას, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც. საბჭოთაკავშირის დაშლის შემდეგ ის უკვე მოხუცებული, ან გარდაცვლილი იქნებოდა, დარწმუნებული ვარ მთელი სიცოცხლის მანძილზე  არც ერთი წამით არ  დავიწყებია სამშობლო და ოჯახი, სწორედ მათი უსაფრთხოების გამო აღარ დაბრუნდა. არის ცნობების იმის შესახებ რომ ის გადარჩა. ომის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 1950 წელს, თუში ქალები მგზავრობდნენ  მატარებლით. ერთერთ ვაგონში ჩოჩქოლი ატყდა, გაირკვა რომ იმ ვაგონით მგზავრობდა გერმანელების ტყვეობაში ნამყოფი, ინვალიდი ომის ვეტერანი, რომელსაც ორივე ფეხი ქონდა ომში დაკარგული ,  თუშებიც მივიდნენ მასთან და კითხეს იყო თუ არა  ვინმე თუში მასთან ერთად ტყვეობაში,  მოხუცმა  უპასუხა, რომ იყო, მაგრამ სახელის გამხელა არ ისურვა, მან დაიბარა დაკარგულის ოჯახის წევრები თავის სოფელში; როგორც ჩანს მოხუცმა მეწისქვილემ ზუსტად იცოდა ვისზე ეკიტხებოდნენ, რადგან დაკარგულის დების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, კერძოდ ის, რომ მას ყავდა ორი და - ივლიტა, რომელიც თელავში იყო გათხოვილი და მეორეს სახელი არ თქმულა, ის ალვანში გათხოვილად მოიხსენია; თუშ ქალებს მთელი  წელი დაჭირდათ რომ მიმხვდარიყვნენ ვისზე იყო საუბარი  (ალბათ ესეც ბედი იყო) ერთი წლის შემდეგ მოვიდნენ ჩვენთან ოჯახში, დედაჩემმა – ივლიტამ მეორე დღესვე გადაწყვიტა იმ კაცის მოძებნა,  ჩავიდა კიდეც მითითებულ სოფელში და მეწისქვილე სამი დღის გარდაცვლილი დახვდა... რა უნდა ეთქვა იმ კაცს, ან სახელი რატომ არ გაამხილა  მასთან ერთად ტყვეობაში ნამყოფი თუშის, დღემდე არ ვიცით. სავარაუდოა, რომ ევსომ სწორედ ტყვეობაში ყოფნის დროს გადაწყვიტა ევროპაში დარჩენა, ეს კი დანაშაული იყო.
„როგორც კიდობანს ნოეს მიერ წარღვნას მინდობილს,
შორს, ყინულოვან უცხოეთში შემომათენდა
და კვლავ გეძახის ჩემი გული დამხვდი მშვიდობით,
ოდესმე ჩვენი შეხვედრის დღე თუ კვლავ გათენდა.“  – სამწუხაროდ, ეს დღე არ გათენებულა.

P.S დღეს, ის სახლი, ზემო ომალოში, სადაც ევსო  გაიზარდა,  ნინოს  კუთვნილებაა- მარო ბებომ დაუბარა ნინოს „მხოლოდ შენ თუ შეძლებ ამ სახლის  მოვლას და პატრონობას, შენი იმედი მაქვს!“  ნინოც  შვილთან ერთად უვლის სახლს- რომელიც უკვე თითქმის 100წლისაა. სახლს, სადაც დღემდე ინახება მოგონებები ევსოს შესახებ.
 ტურისტებსაც იღებს ზაფხულში, საინტერესო ისტორიებსაც ყვება და ასრულებს ბებიის დანაბარებს – კერას არ აციებს...                                                           
                                                                                                                    
                                                               
                                                                                              
                                                                                                        

მარი ლაგვილავა

3 комментария:

  1. მარი, ძალიან მომეწონა. ყოველთვის მჯეროდა შენი ნიჭის :) სიამოვნებით წავიკითხავდი კიდევ ბევრ, მსგავსი ხასიათის სტატიას.

    ОтветитьУдалить
  2. მადლობა ნათი, გაიხარე. ვეცდები კიდევ ბევრი, კარგი და ლამაზი სტატია შემოგთავაზოთ.

    ОтветитьУдалить
  3. საინტერესო იყო მართლაც. გისურვებთ წარმატებებს...

    ОтветитьУдалить